ვახტანგ ჭარაია: სამწუხაროდ, პარლამენტში კანდიდატების წარდგენის გაჭიანურებით და სრულფასოვანი პრეზიდენტის არ არჩევით ზარალობს როგორც ეროვნული ბანკი, ასევე, მთლიანად საქართველოს ეკონომიკაც
„გაუგებრობა ეროვნული ბანკის ირგვლივ წინა პრეზიდენტის ვადის გასვლის დღიდან იწყება და ჯერაც არ უჩანს დასასრული. ფაქტი, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უნდა იყოს დამოუკიდებელი – მისაღები და გასაგებია, თუმცა გაურკვეველია, რას ითხოვს ოპოზიცია ხელისუფლებისგან, ან რას ითხოვს საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული ბანკის პოტენციური პრეზიდენტისგან”, – ამის შესახებ „ჯეოქეისის“ ეკონომიკურმა მრჩეველმა, ვახტანგ ჭარაიამ განაცხადა.
ეკონომისტის თქმით, გაუგებარია, თუ რატომ მიიჩნევს პრეზიდენტი, რომ მხოლოდ ის შეიძლება, იყოს დამოუკიდებელი, მიუხედავად იმისა, უჭერდა თუ არა მას მხარს მმართველი პარტია და რატომ არ შეიძლება, დამოუკიდებელი იყოს ვინმე სხვა.
მისივე თქმით, პარლამენტში კანდიდატების წარდგენის გაჭიანურებით და სრულფასოვანი პრეზიდენტის არ არჩევით ზარალობს, როგორც ეროვნული ბანკი, ასევე საქართველოს ეკონომიკაც.
„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ამ თანამდებობაზე განიხილებოდა დღევანდელი ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა, თუმცა საქართველოს პრეზიდენტმა ის უარყო იმ მოტივით, რომ ის ვერ იქნებოდა დამოუკიდებელი. აქვე ისმის შეკითხვა, რა გარანტია ჰქონდა საქართველოს მოსახლეობას, რომელსაც თავად სალომე ზურაბიშვილს ირჩევდა „ქართული ოცნების“ უპირობო მხარდაჭერით. გაუგებარია, თუ რატომ თვლის პრეზიდენტი რომ მხოლოდ ის შეიძლება იყოს დამოუკიდებელი, მიუხედავად იმისა უჭერდა თუ არა მას მხარს მმართველი პარტია და რატომ არ შეიძლება დამოუკიდებელი იყოს ვინმე სხვა…
სამწუხაროდ, პარლამენტში კანდიდატების წარდგენის გაჭიანურებით და სრულფასოვანი პრეზიდენტის არ არჩევით ზარალობს, როგორც ეროვნული ბანკი, ასევე მთლიანად საქართველოს ეკონომიკაც. უფრო მეტიც გაუგებარია, რატომ არის მიუღებელი საქართველოს პრეზიდენტისთვის, საპარლამენტო რესპუბლიკაში, პარლამენტს წარუდგინოს ეროვნულ ბანკში წევრობის მისი კანდიდატები, საიდანაც პარლამენტი წესისა და რიგისამებრ მისი გადმოსახედიდან ყველაზე ღირსეულს აირჩევდა?!“- განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.