“უყოყმანოდ იქნება მიღებული გადაწყვეტილება” – ლუკაშენკო რუსული ბირთვული იარაღის გამოყენებით იმუქრება
ბელარუსის ლიდერი, ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების გადაწყვეტილება უყოყმანოდ იქნება მიღებული ბელარუსის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში.
“ღმერთმა არ ქნას, ამ თანამედროვე დროს, ამ იარაღის გამოყენებაზე გადაწყვეტილების მიღება მომიწიოს. მაგრამ არ ვიყოყმანებ, თუ ჩვენ წინააღმდეგ აგრესია იქნება”, – თქვა მან.
ბელარუსის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განლაგების მიზეზებზე საუბრისას, ლუკაშენკომ თქვა, რომ ეს აუცილებელია, რათა „ზოგიერთი ნაბიჭვრის არცერთი ფეხი აღარ დადგეს ბელარუსის მიწაზე“.
ლუკაშენკოს თქმით, ასეთი იარაღის გამოყენების მხოლოდ ერთი მიზეზი შეიძლება, იყოს – ბელარუსის წინააღმდეგ აგრესია.
“და პასუხი მყისიერი იქნება. ეს უკვე წინასწარ რამდენჯერმე ვთქვი. არ მგონია, ვინმეს მოუნდეს ასეთი იარაღის მქონე ქვეყანასთან ომი. ეს არის შეკავების იარაღი”, – განმარტა ლუკაშენკომ.