“ევროპისთვის მნიშვნელოვანია, რომ რუსეთს ვინმეზე თავდასხმის უნარი აღარ ჰქონდეს” – ანჯეი დუდა
პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ პოლონეთი, გერმანია და საფრანგეთი „გაერთიანებულნი არიან საერთო ინტერესით”, რომ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში გამარჯვება არ შეეძლოს.
ამის შესახებ მან გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე პარიზში, ვაიმარის სამკუთხედის ფორმატში შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ არა მხოლოდ ევროკავშირის და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები ვართ, არამედ, უპირველეს ყოვლისა, დღეს ჩვენ ძალიან მტკიცედ ვართ უკრაინის მხარეზე ერთი აბსოლუტური გააზრებით, კერძოდ: რუსეთმა არ უნდა მოიგოს ეს ომი“, – თქვა მან.
პოლონეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ “მთელი ევროპის უსაფრთხოებისთვის, ევროკავშირის მომავლისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რუსეთს აღარასოდეს ჰქონდეს პოტენციალი და შესაძლებლობა, თავს დაესხას სხვა ქვეყანას, გააფართოოს თავისი გავლენის სფერო ადამიანების სიცოცხლის ფასად, სხვისი საკუთრების, სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის, სხვათა დამოუკიდებლობის ფასად”.