გიგი უგულავა პროკურორებს: შესაძლებელია, სკაიპით დაიკითხოს ორი მოწმე, რომელთაც ფეხზე წამოუდგებით

დაცვის მხარე დისტანციური დაკითხვის მეთოდით ისეთ მოწმეებს დაჰკითხავს, რომლებსაც პროკურორები ფეხზე წამოუდგებიან, – ამის შესახებ თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ დღეს საქალაქო სასამართლოში განაცხადა. ადვოკატ ბექა ბასილაიას განმარტებით, უგულავამ იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და თბილისის განვითარების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი საბანაძე იგულისხმა.
“თუკი პროკურატურამ დაჰკითხა მისი მთავარი ჯოკერი ჯოზეფ ქეი, აბსოლუტურად შესაძლებელია ტექნიკურადაც და სამართლებრივაც, რომ სკაიპით დაიკითხოს ჩვენი ორი მოწმე, რომელთაც ფეხზე წამოუდგებით”, – მიმართა პროკურორებს გიგი უგულავამ.
თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე ბრალდებულმა უგულავამ იმედი გამოთქვა, რომ ბრალდების მხარე აღნიშნული მოწმეების დისტანციური მეთოდით დაკითხვის წინააღმდეგ არ წავა. აღნიშნულის შესახებ პროცესის დასრულების შემდეგ პროკურორმა ნათია სონღულაშვილმა განაცხადა, რომ ბრალდების მხარეს არ გააჩნია უფლებამოსილება დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევას დათანხმდეს ან არ დათანხმდეს. გიგი უგულავას და მასთან ერთად ბრალდებულების წინააღმდეგ საქმის განხილვა 24 სექტემბერს განახლდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები