ბლინკენის თქმით, ნატოს სამიტზე შესაძლოა, მოსალოდნელი იყოს უკრაინის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის ძლიერი პაკეტი

ვილნიუსში ნატოს მოახლოებულ სამიტზე, სამხედრო ალიანსის წევრები უკრაინას მხარდაჭერის მტკიცე პაკეტს გაუწევენ, რაც პუტინს გაუგზავნის სიგნალს, რომ საერთაშორისო ერთიანობა რჩება ძლიერი და ის ვერ მიაღწევს თავის მიზნებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ვფიქრობ, რასაც ნატოს სამიტზე შეიძლება ელოდოთ, არის უკრაინის როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული მხარდაჭერის ძლიერი პაკეტი მომავალში“, – აღნიშნა ბლინკენმა.

მისივე თქმით, ეს ძლიერ მესიჯს გაუგზავნის პუტინს, რომელსაც, როგორც ჩანს, სურს დაელოდოს, სანამ საერთაშორისო საზოგადოება შეწყვეტს უკრაინის დახმარებას. თუმცა, მისი თქმით, ქვეყნები, რომლებიც უკრაინელებს უჭერენ მხარს, მონდომებით არიან აღსავსენი.

ბლინკენმა დასძინა, რომ ცივილიზებულ სამყაროს და უკრაინას სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობა სურთ.

შეგახსენებთ, რომ ნატოს სამიტი ვილნიუსში 11-12 ივლისს გაიმართება.

უკრაინა ნატოს მოკავშირეების წინაშე უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის საკითხს აყენებს და სამხედრო ალიანსში სრულუფლებიანი წევრობისკენ გადასვლის მკაფიო პერსპექტივას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები