იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „პენიტენციური კოდექსის“ პროექტი განიხილა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით „პენიტენციური კოდექსის“ პროექტი განიხილა, რომელიც ერთ საკანონმდებლო აქტში დღეისათვის მოქმედი პატიმრობის კოდექსითა და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული საკითხების მოქცევას ითვალისწინებს.

კანონპროექტით ასევე ზუსტდება პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული ზოგიერთი რეგულაცია, იცვლება ბრალდებულთა და მსჯავრდადებულთა უფლებრივ მდგომარეობასთან და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის გარანტიებთან დაკავშირებული საკითხები.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის, თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, კოდექსის მიღების შემდეგ გაუქმდება პენიტენციური სამსახურის დაყოფა სპეციალურ და სამოქალაქო დანაყოფებად და შესაბამისად, პენიტენციური სამსახური წარმოდგენილი იქნება ერთიანი სახით, როგორც გასამხედროებული სპეციალური საქვეუწყებო დაწესებულება.

როგორც თორნიკე ჭეიშვილმა აღნიშნა, კიდევ ერთი სიახლე შეეხება სახალხო დამცველის საქმიანობას პენიტენციურ დაწესებულებებში. სიახლის თანახმად, აღნიშნულ დაწესებულებებში მოეწყობა სპეციალური ოთახი, რომელშიც არ განხორციელდება ვიზუალური თუ ელექტრონული მეთვალყურეობა და სახალხო დამცველს და მის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ კონკრეტულ პატიმრებს. მისი თქმით, უსაფრთხოების სტანდარტებიდან გამომდინარე, ამ ოთახებში გამოყენებული იქნება სპეციალური ტექნიკური საშუალებები იმისთვის, რომ შესაძლო ესკალაციის შემთხვევაში მოხდეს დროული რეაგირება.

კანონპროექტის თანახმად: ბრალდებულს შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს ხანგრძლივი პაემნის უფლებით, პატიმრობაში ყოფნის განმავლობაში ერთხელ, გარდა პატიმრობაში ყოფნის პირველი 3 თვის განმავლობაში და სამარტოო საკანში მოთავსებისას; განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდადებულს შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს ვიდეოპაემანის უფლებით პირთა ვიწრო წრესთან; მსჯავრდადებულს ექნება პაემნის გარე სამყაროსთან ურთიერთობის სხვა ფორმით ჩანაცვლების შესაძლებლობა; თითოეული პენიტენციური დაწესებულების მიხედვით დღეისათვის დადგენილი სატელეფონო საუბრების მაქსიმალური რაოდენობა და ხანგრძლივობა მინიმალურ რაოდენობად გარდაიქმნება; პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ოჯახის წევრ ბრალდებულებს/მსჯავრდადებულებს შეეძლებათ ისარგებლონ ერთმანეთთან სატელეფონო საუბრითა და მიმოწერით.

„პენიტენციური კოდექსის“ პროექტიდან გამომდინარე, დაგეგმილია ცვლილებების შეტანა ოცდაერთ კანონში. კანონპროექტის ავტორია იუსტიციის სამინისტრო, ხოლო ინიციატორი – საქართველოს მთავრობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები