“გადაბირების საფრთხე” – ლატვიაში მოქალაქეებს რუსეთსა და ბელარუსში გამგზავრებისას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ

ლატვიაში მოსახლეობას მოუწოდეს რუსეთსა და ბელარუსში გამგზავრებისგან თავის შეკავება, ამ ქვეყნების სპეცსამსახურების მიერ მათი გადაბირების, პოტენციური საფრთხის გამო.

ამის შესახებ ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ნორმუნდს მეჟვიეცმა განაცხადა, წერს Delfi.

მისი თქმით, ლატვიისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს რუსეთის დაზვერვა, რომელიც თავისი მიზნებისთვის იყენებს ლატვიაში მცხოვრებ ადამიანებს ან მათ, ვინც მათ ქვეყანაში რეგულარულად შედის.

„რა თქმა უნდა, უკრაინის ომმა გარკვეული კორექტირება მოახდინა. თუ გადავხედავთ რუსული დაზვერვის მიზნებს ჩვენს ქვეყანაში, მეტი აქცენტი კეთდება სამხედრო დაზვერვაზე, კონკრეტულად კი, ჩვენი ეროვნული შეიარაღებული ძალების და ნატოს სამხედრო კონტინგენტის შესახებ ინფორმაციის მოპოვებაზე”,- თქვა მან.

მეჟვიეცმა დასძინა, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვა დაინტერესებულია ლატვიის შეიარაღებული ძალების პერსონალის, მათი ტექნიკური მხარდაჭერის, შენობების, ასევე ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაციით.

მისი თქმით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ლატვიის უსაფრთხოების ძალებმა მოახერხეს რამდენიმე მამაკაცის დაკავება, რომლებიც რუსეთისა და ბელარუსის სპეცსამსახურებს ეხმარებოდნენ.

ლატვიის სუს-ის უფროსი მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფრთხილე რუსეთსა და ბელარუსში მოგზაურობისას, რადგან იქ მათ გადაბირების საფრთხე ემუქრებათ.

“ეს სერიოზული პრობლემაა, სერიოზული რისკებია. რუსეთისა და ბელარუსის ბუნების სილამაზე, იაფი საქონელი ან კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობა არ ღირს პირადი უსაფრთხოების საფრთხის ქვეშ დაყენება”, – თქვა მეჟვიეცმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები