მერაბიშვილი გირგვლიანის საქმეზე დაკითხვაზე უარს ამბობს
ვანო მერაბიშვილი სანდრო გირგვლიანის საქმეზე დაკითხვაზე უარს ამბობს, – ამის შესახებ საქალაქო სასამართლოში დღეს გამართულ პროცესზე გახდა ცნობილი. საქმის პროკურორის ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, სასამართლოში დაკითხვაზე უარს ამბობენ სხვა ბრალდებულებიც. ბრალდებულების ადვოკატებმა კი განაცხადეს, რომ დაცვის მოწმეთა უმრავლესობა საქმიდან მოიხსნება და აღარ დაიკითხება.
შემდეგი პროცესი 3 სექტემბერს 15:00 საათზე ჩაინიშნა, სადაც დაცვის მხარის სამი მოწმე დაიკითხება. სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი და გერონტი ალანია, რომელიც ძებნაში იმყოფება. ასევე საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე ბრალდებულია ვალერიან მეტრეველი. გირგვლიანის საქმეზე ბრალდებულია დათა ახალაიაც. მისი საქმე საბერძნეთიდან ექსტრადირების საკითხის გადაწყვეტამდე ცალკე წარმოებად გამოიყო. საქმის ერთ-ერთ ბრალდებულს ოლეგ მელნიკოვს კი, როგორც ცნობილია, საპროცესო შეთანხმება უფორმდება და ამ მოტივით გირგვლიანის საქმეს მისი საქმეც გამოეყო.