კოტე მარჯანიშვილის დაბადების დღე და ერთი ფოტოსურათის ამბავი
9 ივნისი კოტე მარჯანიშვილის დაბადების დღეა. ეროვნული არქივი 1923 წელს გადაღებულ რუსთაველის თეატრის დასის ფოტოს აქვეყნებს. ცენტრში ზის კოტე მარჯანიშვილი. ფოტოს ახლავს ავტოგრაფები.
„კოტე მარჯანიშვილი 1872 წლის 9 ივნისს ყვარელში დაიბადა. თეატრით ჯერ კიდევ თბილისის პირველი გიმნაზიის მოწაფეობისას დაინტერესდა. მისი სამსახიობო დებიუტი ქუთაისში, კოტე მესხის თეატრში, შემდეგ კი სპექტაკლში „პატარა კახი“ შედგა. თუმცა სამოყვარულო თეატრი მას გაცილებით ადრე მშობლიურ ყვარელში ჰქონდა ჩამოყალიბებული. თეატრის რეჟისურაში 1904 წლიდან მუშაობდა, 1920-იან წლებში ქართულ კინემატოგრაფიას სხვადასხვა ჟანრის ექვსი მხატვრული ფილმი შემატა.
ეწვიეთ საქართველოს ეროვნული არქივის ვებგვერდს და დაათვალიერეთ თანამედროვე ქართული თეატრის ფუძემდებლის შესახებ მომზადებული მულტიმედიური გამოფენა.
ონლაინექსპოზიცია ეროვნულ არქივში დაცულ მრავალფეროვან მასალას მოიცავს – ფოტოებს მხატვრული ფილმების გადასაღები მოედნებიდან და თეატრალური სპექტაკლებიდან, საგაზეთო აფიშებს, კოტე მარჯანიშვილისა და მისი დასის 1930 წლის საიმიჯო ვიდეორგოლს, სხვადასხვა ცნობილი ადამიანის მოგონებას რეჟისორის შესახებ და სხვა საარქივო მასალას“, – ნათქვამია ეროვნული არქივის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოფენა ხელმისაწვდომია ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/kote-marjanishvili-1