დაჩი მინდაძის პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნა

ყოფილი კინოსტუდიის ტერიტორიაზე მოწყობილ შემოქმედებით სივრცეში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, დაჩი მინდაძის პირველი პერსონალური გამოფენა – „დაჩისთან სტუდიო ვიზიტი“ – გაიხსნა.
ღონისძიებას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი, სამხატვრო აკადემიის რექტორი, ყარამან ქუთათელაძე და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
„ექსპოზიციის მოსაწყობად ხელოვანმა სამი თვე გაატარა ყოფილი კინოსტუდიის შემოქმედებითი პავილიონის რეზიდენციაში, რის შედეგადაც, გამოფენის სივრცეში მხატვრის მიერ შეტანილი საგნები და დეკორაციები უშუალოდ მისი სამუშაო პროცესის კი არა – გამოფენის ნაწილი გახდა. კინოსტუდიის ძველ შენობასთან საგანგებოდ შეირჩა ისეთი ელემენტები, რომლებიც მნახველისთვის სივრცეს აცოცხლებს და მხატვრის ნამუშევრებში ამოგზაურებს. ამ მიზნით შეიქმნა ანიმაციაც და ქანდაკებაც. ეს ორი ახალი მედიუმი მხატვრის პირველ ექსპერიმენტს წარმოადგენს და იმითაც არის საინტერესო, რომ უშუალოდ მისი ხელწერის თარგმნას ემსახურება.
დაჩი მინდაძის ხელოვნება წინასწარ განსაზღვრული მოტივების გარეშე, თავისუფალი სტილით იქმნება. ფართო სერიები, ჩანახატები და დიდი ზომის სურათები ერთბაშად გვიჩენს მოგზაურობისა და თავგადასავლის ძიების ძლიერ იმპულსებს, რომლებიც გაჯერებულია მხატვრის ფანტაზიით, სოციალური, ეროტიკული თუ მითოსური პლასტებით, გაერთიანებულია „სიზმრისეულ“ აღქმაში. მიუხედავად ამისა, მხატვრის ხელწერა ავლენს კონკრეტულ და დრამატულ ფორმებს, რომლებიც ხშირად პერსონაჟების ყველაზე ინტიმურ შეგრძნებებსაც კი ამჟღავნებენ ან უბრალოდ იმ გარემოზე მიუთითებენ, რომელშიც მხატვარი უკეთესი არსებობის წარმოდგენას ცდილობს.
გამოფენაზე მოსული დამთვალიერებელი მრავალმხრივი ექსპოზიციის გარდა, ქართველი მუსიკოსების მიერ შესრულებულ კლასიკური და თანამედროვე მუსიკის კომპოზიციებსაც მოისმენს. ეს შრე ავსებს და კრავს გამოფენის იდეას, რომელიც რეზიდენციის პირობებში სამუშაო ატმოსფეროს შექმნას გულისხმობს. ამგვარად, ექსპოზიციაც ტრადიციული საგამოფენო კონტექსტიდან თავის არიდებისა და ხელოვანთან ურთიერთობის უშუალო ფორმატის წარმოდგენის მცდელობაა.
აღსანიშნავია, რომ კულტურის სამინისტროს ინიციატივით, აღმაშენებლის გამზირზე, ყოფილი კინოსტუდიის ტერიტორიაზე ,,ხელოვნების ქალაქის“ მოსაწყობად სამუშაოები წარმატებით მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე კინოსტუდიის ერთ-ერთ შენობაში უკვე განთავსდა ფოტოგრაფ იური მეჩითოვის სტუდია; სამხატვრო აკადემიის პროექტისთვის „ლურჯი სუფრა“ მოეწყო შოუ რუმი; მსახიობისა და კასტინგ-მენეჯერის, ეკა მჟავანაძის, ხელმძღვანელობით ფუნქციონირებს მსახიობების შერჩევის სააგენტო – ’’Eka Cast Agency“ და მეთოჯინეების – ეკატერინე ბერიძისა და იულია სოროკინას, სახელოსნო. რეჟისორ ნიკოლოზ საბაშვილის ხელმძღვანელობით ტერიტორიაზე ასევე მოეწყობა „თოჯინების სახლი“, სადაც სპეციალისტები, თბილისსა და რეგიონებში მოქმედი თეატრებისთვის, დაამზადებენ თოჯინებს, პატარა მაყურებლებისთვის კი გაიმართება თოჯინური სპექტაკლები. ტერიტორიაზე ასევე მოეწყობა ძმებ ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ’’Fest I Nova“-ს თბილისის ფილიალი.
საგულისხმოა, რომ სამუშაოების მომდევნო ეტაპზე ღია სივრცეში შესაძლებელი იქნება მასტერკლასებისა და სამუშაო შეხვედრების ჩატარება; ტერიტორიაზე ასევე შეიქმნება მულტიფუნქციური სტუდიები; მოეწყობა კლუბური სტილის კინოდარბაზი კინოჩვენებებისა და დისკუსიებისთვის; აღდგება მულტსტუდიაც.
დამთვალიერებლებს დაჩი მინდაძის გამოფენის ნახვა ყოფილი კინოსტუდიის ტერიტორიაზე 28 ივნისის ჩათვლით შეეძლებათ“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები