ერდოღანმა სატელეფონო საუბარი დღეს ჯერ ზელენსკისთან, შემდეგ პუტინთან გამართა
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუს და უკრაინელ კოლეგებს კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქებასთან დაკავშირებით ერთობლივი საგამოძიებო კომისიის შექმნა შესთავაზა.
ამის შესახებ ინფორმაციას ერდოღანი ადმინისტრაცია ავრცელებს.
ვლადიმერ პუტინთან საუბარში თურქეთის ლიდერმა ხაზი გაუსვა „კახოვკას კაშხალზე აფეთქების ყოვლისმომცველი გამოძიების“ მნიშვნელობას, რომ ეჭვის ადგილი არ დარჩეს.
ერდოღანმა თქვა, რომ შესაძლებელია, შეიქმნას რუსი და უკრაინელი ექსპერტებისგან, გაეროსა და საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის, თურქეთის ჩათვლით კომისია და “რომ თურქეთი მზადაა, თავისი წვლილი შეიტანოს ამ საკითხში.
გარდა ამისა, თურქეთის ლიდერმა კრემლის ხელმძღვანელთან „მარცვლეულის შეთანხმების“ განხორციელება განიხილა და პირობა დადო, რომ „აუცილებელ ძალისხმევას მიმართავს სამართლიანი მშვიდობის დასამყარებლად“.
მანამდე ის, ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა და საგამოძიებო ჯგუფის შექმნა შესთავაზა.