გივი მიქანაძე ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, ახალგაზრდობის საკითხებზე პასუხისმგებელი დეპუტატი, გივი მიქანაძე ყაზბეგის ახალგაზრდობისა და განათლების განვითარების ცენტრში, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, გივი მიქანაძე ახალგაზრდებს ინიციატივებსა და ღონისძიებებზე ესაუბრა, რომელსაც სახელმწიფო ახალგაზრდობის მიმართ ახორციელებს. დეპუტატმა ახალგაზრდული საბჭოების შექმნის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საბჭოებში ჩართული ახალგაზრდები მუნიციპალიტეტების დონეზე საინტერესო ინიციატივებს და ღონისძიებებს ახორციელებენ. ამის ერთ-ერთ მაგალითად დეპუტატმა დუშეთის ახალგაზრდული საბჭო დაასახელა და მის მიერ განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.
გივი მიქანაძის განცხადებით, აუცილებელია მუნიციპალიტეტებმა შესაბამისი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შეიმუშაონ, რომლის მომზადებაში ადგილობრივი ახალგაზრდობა აქტიურად იქნება ჩართული. გივი მიქანაძემ სახელმწიფოს მხრიდან ახალგაზრდობის პოლიტიკის მხარდასაჭერ პროექტებზე საუბრისას ყურადღება ახალგაზრდული მუშაკის კონცეფციის მომზადებასა და საჯარო სამსახურის შესახებ კანონში გატარებულ ცვლილებებზე გაამახვილა. მისი თქმით, 2022 წლის ნოემბრიდან ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმადაც საჯარო სამსახურში ახალგაზრდების სტაჟირება სამუშაო სტაჟად ჩაითვლება, რაც ახალგაზრდებს ღია წესით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში დასაქმების საშუალებას მისცემს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები