სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში გასვლითი სხდომა გამართა

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის, სპორტის სახეობების განვითარების და ახალგაზრდულ პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის გასვლით სხდომაზე, რომელიც ყაზბეგის მუნიციპალიტეტში გაიმართა.

პარლამენტის ინფორმაციით, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, გოჩა ქავთარაძემ კომიტეტის წევრებს ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და დაგეგმილ ღონისძიებებზე ინფორმაცია გააცნო და რეგიონში შემავალ მუნიციპალიტეტებში არსებულ მდგომარეობაზე დეტალურად ისაუბრა. მისი ინფორმაციით, 2023 წლის მდგომარეობით, რეგიონში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა წარმოდგენილია 9 სპორტული დარბაზით, 6 საჭიდაო დარბაზით, 3 სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრით და 14 სტადიონით.

მისივე თქმით, რეგიონის მასშტაბით სპორტის სხვადასხვა სახეობაში სულ 3841 მოზარდია ჩართული. როგორც მომხსენებელმა აღინიშნა, რეგიონის რიგ მუნიციპალიტეტში სპორტის წრეებზე სწავლება მოზარდებისთვის უფასოდ მიმდინარეობს, რაც სპორტის სახეობებში ახალგაზრდების გაზრდილ ჩართულობას განაპირობებს. აქედან გამომდინარე, არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა დაინტერესების მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებს და დღის წესრიგში ახალი ობიექტების გახსნის საკითხი აქტუალურად დგას. სხდომაზე მცხეთის, თიანეთის, დუშეთის, ახალგორის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საკუთარ მუნიციპალიტეტებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს და კომიტეტის წევრების შეკითხვებს უპასუხეს. კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი მეძმარიაშვილის შეფასებით, სხდომაზე წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, რეგიონში არაერთი საინტერესო პროექტი ხორციელდება და სახელმწიფო მათ მხარდასაჭერად მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს ხარჯავს.

ირაკლი მეძმარიაშვილის განცხადებით, კომიტეტი წერილობით გაეცნობა მუნიციპალიტეტების საჭიროებებს და საბიუჯეტო პროცესის დაგეგმვის ფორმატში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მათი მოგვარების საკითხებზე იმუშავებს. კომიტეტის სხდომაზე „ლატარიების, აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე მოზარდებისა და ახალგაზრდების დამოკიდებულების პრევენციის და გამოჯანმრთელების პოლიტიკა: გამოწვევები და მოგვარების პერსპექტივები” თემატური მოკვლევის დაწყების და მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის შესახებაც იმსჯელეს. მომხსენებელმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა გივი მიქანაძემ თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, თემატური მოკვლევის ჯგუფი შეისწავლის რა ნაბიჯები გადაიდგა პრევენციის მიზნით და რა შედეგები მოიტანა 2021 წლის ბოლოს პარლამენტის მიერ მიღებულმა კანონმა, რომელიც ლუდომანიისგან ახალგაზრდების გათავისუფლებას შეეხებოდა. მისივე თქმით, მოკვლევის ჯგუფის წევრები ასევე შეისწავლიან წამყვანი ქვეყნების გამოცდილებას, სადაც თამაშდამოკიდებულება აღიარებულია როგორც დაავადება. გივი მიქანაძის თქმით, ამ საკითხის შესწავლისთვის, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, შესაბამისი ექსპერტის მოწვევა იგეგმება. კომიტეტის წევრებმა გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნას მხარი დაუჭირეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები