ბულგარეთს 9 თვის განმავლობაში როტაციული მთავრობა ეყოლება
ბულგარეთმა ცხრა თვით როტაციული მთავრობა დაამტკიცა.
მთავრობის პრემიერმინისტრი ნიკოლაი დენკოვი იქნება.
პარლამენტში გამოსვლისას ნიკოლაი დენკოვმა აღნიშნა, რომ დეპუტატებს დაუყოვნებლივ წარუდგენს კანონპროექტს 2023 წლის ბიუჯეტის თაობაზე და კანონპროექტს იმ მოთხოვნების შესრულების შესახებ, რომელიც ბულგარეთის შენგენის ზონასა და ევროზონაში გაწევრიანებას ისახავს მიზნად.
ბულგარეთში როტაციული მთავრობის დანიშვნის შესახებ შეთანხმება ქვეყნის ორ უმსხვილეს საპარლამენტო ბლოკს შორის ბოლო სამ წელიწადში ოთხჯერ გამართული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შედგა. შეთანხმების მიხედვით, 9 თვის შემდეგ მთავრობას, ნიკოლაი დენკოვის ნაცვლად, ყოფილი ევროპარლამენტარი – მარია გაბრიელი უხელმძღვანელებს.