პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ვანში განახლებული რეგიონების ფარგლებში რეაბილიტირებული ცენტრი დაათვალიერა

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროს ლერი ბარნაბიშვილთან ერთად, ვანში განახლებული რეგიონების ფარგლებში რეაბილიტირებული ცენტრი დაათვალიერა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, განხორციელებული სამუშაოების შესახებ პრემიერმინისტრს ინფორმაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მიაწოდა.

პროგრამის ფარგლებში, ვანში თავისუფლებისა და თამარ მეფის ქუჩებზე მდებარე, ჯამურად, 35 შენობა და 3 სკვერი განახლდა. ასევე მოეწყო ადგილობრივი მოსახლეობის სახლებში შესასვლელი ღობეები და განათება, მოწესრიგდა ცენტრალური მოედანი, ბაზრის ტერიტორია, მიმდებარე კომერციული ფართებით. ჩატარებული სამუშაოების ღირებულებამ 11.8 მილიონ ლარამდე შეადგინა.

სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები” ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, დასრულებულია პროგრამის პირველი ფაზის პროექტები და დაწყებულია მეორე ფაზის სამუშაოები. ენერგოეფექტური მასალის გამოყენებით უკვე განახლებულია 727 შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორიები, მოწყობილია საფეხმავლო ბილიკები, ტროტუარები, საინჟინრო ქსელები, 92 სკვერი და 1 კმ-იანი ბულვარი ქობულეთში. ვანში პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები