დავით ქართველიშვილი: საინტერესოა, რა კომბინაცია აქვს ჩაფიქრებული კეზერაშვილს და, რეალურად, რა მიზნებს მოხმარდება ევროპელი პენსიონერების გაძარცვის გზით მოპოვებული თანხა

“კოლექტივში, სადაც ფინანსური და სახელფასო პრობლემებია, ალბათ, დიდი “სიხარულით” შეხვდებოდნენ ინფორმაციას, რომ ლობისტურ კომპანია Cornerstone-ს გადაუხდიან 420 ათას აშშ დოლარს”, – ასე ეხმიანება “ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი დავით კეზერაშვილის შესახებ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად მან საკმაოდ სოლიდურ თანხად ლობისტური კომპანია დაიქირავა.

ქართველიშვილის თქმით, ღიმილს იწვევს კეზერაშვილის მხრიდან ამერიკული ლობისტური კომპანიის დაქირავება, აშშ-ის მედიასივრცეში “ფორმულას” პრობლემებზე მონიტორინგის დაწესების მიზნით. “ადგილობრივ მედიარეიტინგში “ფორმულას” (“ოფშორTV”) კუთვნილი ადგილის მოძებნა ნამდვილად გაგიჭირდებათ. ამიტომ ისტერიულ ღიმილს იწვევს მისი მხრიდან ამერიკული ლობისტური კომპანიის დაქირავება, აშშ-ს მედიასივრცეში “ფორმულას” პრობლემებზე მონიტორინგის დაწესების მიზნით. კოლექტივში, სადაც ფინანსური და სახელფასო პრობლემებია, ყოველ შემთხვევაში ტექნიკური პერსონალის დონეზე, ალბათ დიდი “სიხარულით” შეხვდებოდნენ ინფორმაციას, რომ “შეერთებულ შტატებში მათი ტელეარხის პრიორიტეტების გასაუმჯობესებლად, შეტყობინებებისა და მასალების შედგენა/გადახედვის მიზნით” – ლობისტურ კომპანია Cornerstone-ს გადაუხდიან 420 ათას აშშ დოლარს. აღნიშნული ინფორმაცია ქართული საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ამერიკაში მოქმედი (FARA-ს სახელით ცნობილი) “რუსული კანონის” მიერ იუსტიციის სამინისტროში გამოქვეყნებული შეტყობინებიდან. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ამერიკული “რუსული კანონი” გვაძლევს საინტერესო ინფორმაციას ქართველი სექტანტების მიერ ამერიკული კომპანიების დაქირავების შესახებ.
ვინაიდან ძნელად დასაჯერებელია, “ოფშორTV”-ს ოპერატორების კუთვნილი სახელფასო დავალიანება ხმარდებოდეს ურეიტინგო ტელევიზიისთვის “საინფორმაციო-განმარტებითი სამუშაოების ჩატარებას შესაბამის ამერიკულ მედიასაშუალებებთან” – საინტერესოა, რა კომბინაცია აქვს ჩაფიქრებული კეზერაშვილს და რეალურად, რა მიზნებს მოხმარდება ევროპელი პენსიონერების გაძარცვის გზით მოპოვებული აღნიშნული თანხა”, – წერს დავით ქართველიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები