“რუსეთს სანქციების არიდებაში ეხმარებიან” – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საერთაშორისო სანქციების თავიდან ასაცილებლად რუსეთი მომწოდებლების ქსელს იყენებს, იმ სანქციების, რომლებიც რუსეთში რაკეტების და შეიარაღების სხვა ტიპის წარმოებას ზღუდავს.
მოსახლეობისადმი ტრადიციულ ვიდეომიმართვაში უკრაინის ლიდერს არც კონკრეტული ქვეყნები და არც კომპანიები დაუსახელებია, მაგრამ მან აღნიშნა, რომ ზოგიერთი მათგანი ეხმარებოდა რუსეთს ტექნოლოგიის შეძენაში რაკეტების წარმოებაზე აქცენტით.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინა კარგად არის ინფორმირებული რუსეთის ყველა ქმედების შესახებ, რომელიც სანქციების გვერდის ავლას გულისხმობს და შეეცდება, რუსული წარმოების რაკეტები არ შეიცავდეს „თავისუფალი სამყაროს პროდუქტებს“.
აპრილში უკრაინის პრეზიდენტის ერთ-ერთმა თანაშემწემ თქვა, რომ ბრძოლის ველზე ხშირად ჩნდება ჩინეთის კომპონენტების შემცვლელი იარაღი, თუმცა, პეკინი რუსეთისთვის სამხედრო ტექნიკის მიწოდებას კატეგორიულად უარყოფს.