“დემოკრატია ძლიერდება, როდესაც ის აღიარებს თითოეული ადამიანის თანასწორობას და ღირსებას” – ბლინკენი LGBTQ+ -ის თვეზე
აშშ-ში ივნისი LGBTQ+ -ის თვეა, რომელიც სტოუნუოლის აჯანყების მორიგ წლისთავს უკავშირდება. ნიუ-იორკის პოლიციასა და გეი და ტრანსგენდერ ჯგუფებს შორის სისხლიანი კონფლიქტების სერია 1969 წლის 28 ივნისს გამთენიისას დაიწყო და რამდენიმე დღე გაგრძელდა. ეს შეტაკება ჰომოსექსუალი და ტრანსგენდერი ხალხის მრავალრიცხოვანი წინააღმდეგობის პირველი შემთხვევა იყო, რამაც გამოძახილი პოვა მთელი მსოფლიოს ლგბტ უფლებების მოძრაობებშიც.
აღნიშნული მოვლენის კომენტირებისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ „ლგბტქ+ თვე გვახსენებს დემოკრატიული პროტესტის სულისკვეთებას და პრინციპს, რომ ყველა ადამიანი თანასწორია. სტოუნუოლიდან ხუთი ათწლეულის შემდეგ, ჩვენ ვიცით, რომ ლგბტქ+-ის ჩართულობისა და პატივისცემის პრინციპი, ჩვენს ქვეყანას უფრო ძლიერს ხდის“.
ბლინკენმა აღნიშნა, თუ რა გავლენა მოახდინეს ლგბტქ+ პირებმა, ისევე – როგორც ამ გარემოში დაარსებულმა ორგანიზაციებმა, ამერიკულ დემოკრატიაზე, მათ შორის, თავისუფალ მედიასა და მშვიდობიანი შეკრების უფლების განხორციელებაზე.
„სახელმწიფო დეპარტამენტი სიამაყით მუშაობს ლგბტქ+ ადამიანების უფლებების პოპულარიზაციასა და დაცვაზე მთელს მსოფლიოში. ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ლგბტქ+ „გაუცხოებას“, რომ ამით გავამართლოთ ავტორიტარული ძალაუფლების ხელში ჩაგდება და თავდასხმები დემოკრატიულ ინსტიტუტებზე მთელს მსოფლიოში. დემოკრატია ძლიერდება, როდესაც ის აღიარებს თითოეული ადამიანის თანასწორობას და ღირსებას, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე“, – თქვა ბლინკენმა.