თურქეთი ალიანსში შვედეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას 11 ივლისამდე მიიღებს

თურქეთი ალიანსში შვედეთის გაწევრიანების განაცხადის დამტკიცებაზე გადაწყვეტილებას 11 ივლისამდე, ვილნიუსის სამიტამდე მიიღებს.

ამის შესახებ მედიას ანკარაში წყარომ განუცხადა.

მანამდე, შვედეთის საგარეო მინისტრმა, ტობიას ბილსტრომმა განაცხადა, რომ ქვეყანამ თურქეთის კრიტერიუმები დააკმაყოფილა და ახალი ანტიტერორისტული კანონმდებლობა მიიღო.

ამის შესახებ მან Bloomberg-თან ინტერვიუში თქვა.

„ჩვენ შევასრულეთ ის, რაც დავპირდით და ამიტომ დროა, თურქეთმა დაიწყოს რატიფიკაციის პროცესი და განახორციელოს შეთანხმების თავისი ნაწილი. შვედეთმა მემორანდუმის ყველა დებულება შეასრულა. თუ რატიფიკაცია ვილნიუსამდე არ მოხდება, ამას შესაძლოა, კვირები ან თვეებიც კი დასჭირდეს, სანამ თურქეთის პარლამენტის მუშაობას ზაფხულში არ განაახლებს“, – თქვა მან.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ კვირის დასაწყისში თურქეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარი გამართა, რომლის დროს ნატოში შვედეთის გაწევრიანების საკითხიც განიხილებოდა.

“ჩვენი გზავნილი ასეთია: ნატოში შვედეთის წევრობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ნატოსთვის, არამედ – სკანდინავიური ქვეყნებისთვის, ბალტიის რეგიონისთვის და ნატოსთვის ჯამში. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია თურქეთისთვისაც და სხვა მოკავშირეებისთვის”, – თქვა ალიანსის ხელმძღვანელმა.

სტოლტენბერგმა ანკარაში ვიზიტიც დააანონსა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები