გივი მიქანაძე საქართველოში ვატიკანის ელჩს შეხვდა
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე ვატიკანის ელჩს საქართველოში, ჟოზე აველინო ბეტანკურს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განათლებისა და კულტურის სფეროში ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ვატიკანსა და საქართველოს შორის სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით თანამშრომლობაზე. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ვატიკანის ბიბლიოთეკას შორის გაფორმდება მემორანდუმი, რომლის საფუძველზეც ქართველი მეცნიერების და მკვლევრებისთვის გაიხსნება ვატიკანის ბიბლიოთეკის საცავები და მათ შესაძლებლობა ექნებათ კვლევითი საქმიანობა განახორციელონ.