“ეს დანაშაულია” – კიევის პოლიციამ დაკეტილი სამალავის გამო, რომელთანაც 3 ადამიანი დაიღუპა, სისხლის სამართლის საქმე აღძრა

კიევის პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ​დესნიანსკის რაიონში მდებარე სამალავის გამო, რომელიც ადგილობრივებს, რუსი ოკუპანტების დაბომბვის დროს, დაკეტილი დახვდათ.

საქმე აღძრულია სამსახურებრივი დაუდევრობის მუხლით, რასაც მძიმე შედეგები მოჰყვა.

რაც შეეხება სამალავს. ის დესნიანსკის რაიონის მე-3 პოლიკლინიკაში მდებარეობს. პოლიკლინიკის დირექტორის თქმით, ღამის ცვლის დარაჯმა მხოლოდ მთავარი შესასვლელი გააღო, რის გამოც მაცხოვრებლების ნაწილი თავშესაფარში მოხვდა, ნაწილი კი – არა.

ამ ფაქტს სამი ადამიანის დაღუპვა მოჰყვა – 9 წლის ბავშვის, მისი 33 წლის დედის და კიდევ 34 წლის ქალის.

თუმცა, საზოგადოებრივ მაუწყებელს ადგილობრივებმა უთხრეს, რომ პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ვერ ახერხებენ პოლიკლინიკის სამალავში მოხვედრას.

დედაქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ ადგილზე მუნიციპალური უსაფრთხოების დეპარტამენტის სპეციალისტები გაემგზავრნენ.

„თავშესაფრის მუშაობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სამედიცინო დაწესებულების უფროსს და რაიონის გამგებელს, რომლებმაც უნდა გააკონტროლონ იმ თავშესაფრების მუშაობა, რომლებიც ქალაქის რუკაზეა და უნდა იმუშაონ. პასუხისმგებელი პირების ქმედებებთან დაკავშირებით, ყველა გადაწყვეტილება დღეს და დაუყოვნებლივ იქნება მიღებული“, – განაცხადა კლიჩკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები