მაკრონი აცხადებს, რომ დასავლეთმა უკრაინას “უსაფრთხოების ხელშესახები და საიმედო გარანტიები უნდა შესთავაზოს“

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ დასავლეთმა უკრაინას „უსაფრთხოების ხელშესახები და საიმედო გარანტიები უნდა შესთავაზოს“.

ამის შესახებ მან ბრატისლავაში, GLOBSEC-ის კონფერენციაზე თქვა.

მაკრონის თქმით, ეს საკითხი უახლოესი კვირების განმავლობაში, კოლექტიური განხილვის საგანი გახდება.

მან აღნიშნა, რომ უკრაინა “დღეს იცავს ევროპას” და “იმდენად კარგად არის შეიარაღებული”, რომ დასავლეთი დაინტერესებულია, მას “ჩვენთან ერთად ჰქონდეს უსაფრთხოების საიმედო გარანტიები მრავალმხრივ საფუძველზე”.

მაკრონმა დასძინა, რომ დასავლეთის ქვეყნები უნდა იყვნენ ბევრად უფრო ამბიციურები, ვიდრე აქამდე იყვნენ.

მან ასევე თქვა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა უნდა დაგეგმონ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, კონფლიქტის გაჭიანურების შემთხვევისთვის.

„ამისთვის ჩვენს ქვეყნებში საზოგადოებრივი აზრი უნდა მოვამზადოთ და შევძლოთ, უკრაინის მხარდაჭერა საშუალო და მაღალი ინტენსივობის გაჭიანურებული კონფლიქტის კონტექსტში. ამისათვის, ჩვენ და ჩვენმა პარტნიორებმა ზაფხულში უნდა გადავხედოთ და ხელახლა გავაანალიზოთ ჩვენი მხარდაჭერის ფორმატი და რა არის საჭირო შედეგის მისაღწევად“, – თქვა მან.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ დასავლეთი უკრაინას ყველა საშუალებით უნდა დაეხმაროს “ეფექტური კონტრშეტევისთვის. უნდა გავზარდოთ მხარდაჭერა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები