“უკრაინელებმა დაგვარწმუნეს, რომ ჩვენს იარაღს რუსეთზე დარტყმისთვის არ გამოიყენებენ” – ჯონ კირბი
თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერის, ჯონ კირბის განცხადებით, უკრაინამ დაარწმუნა შეერთებული შტატები, რომ რუსეთის ტერიტორიის წინააღმდეგ დასავლეთის იარაღს არ გამოიყენებს.
ამის შესახებ მან CNN-თან ინტერვიუში თქვა.
კირბის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ „პირადად და საჯაროდ განუცხადა უკრაინელებს“, რომ არ უჭერს მხარს ობიექტებზე თავდასხმებს თავად რუსეთში.
”ჩვენ გავაგრძელებთ მათთვის იმის მიწოდებას, რაც თავდაცვისთვის და საკუთარი ტერიტორიის დასაცავად სჭირდებათ, უკრაინის ტერიტორიის, მაგრამ ჩვენ მხარს არ ვუჭერთ რუსეთზე თავდასხმას. ჩვენ ვეთანხმებით, რომ უკრაინელებს აქვთ თავდაცვის უფლება. ჩვენ ვთქვით, რომ არ გვსურს რუსეთის შიგნით თავდასხმების წახალისება, რადგან არ გვინდა ძალადობის იმ მასშტაბის მიღმა ესკალაცია, რაც უკვე დაატყდა თავს უკრაინელ ხალხს“, – განაცხადა კირბიმ.
ამავდროულად, თეთრი სახლის სპიკერი ამტკიცებს, რომ უკრაინის ოფიციალური პირები ვაშინგტონს დაჰპირდნენ, რომ არ გამოიყენებდნენ აშშ-ის მიერ მიწოდებულ იარაღს რუსეთზე დარტყმისთვის.
“ჩვენ ვაწვდით სისტემებს უკრაინელებს და ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი – ისინი თავად წყვეტენ, როგორ გამოიყენებენ მას. დაგვარწმუნეს, რომ არ გამოიყენებენ ჩვენს აღჭურვილობას რუსეთზე დარტყმისთვის. მაგრამ, როგორც კი ეს იარაღის მათ მიეწოდებათ, ის მათია”, – თქვა კირბიმ.