“ევროკავშირი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გაწევრიანებას დააჩქარებს” – ურსულა ფონ დერ ლაიენი
ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირში დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გაწევრიანების დაჩქარების ინიციატივა წარადგინა.
ამის შესახებ მან ბრატისლავაში Globsec ფორუმზე გამოსვლისას თქვა.
„დღეს მინდა, შემოგთავაზოთ ახალი ინიციატივა, რეგიონში ამ მნიშვნელოვანი მომენტით სარგებლობისთვის. ეს არის დასავლეთ ბალკანეთისთვის ზრდის ახალი გეგმა. ჩვენ გვსურს ბოლო თვეებში მიღწეული პროგრესის განვითარება. მაგრამ, ამავდროულად, გვინდა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ხალხისთვის ევროკავშირში გაწევრიანების გარკვეული უპირატესობის მოტანა უკვე დღეს”, – თქვა პოლიტიკოსმა.
მისი თქმით, ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული ზრდის გეგმა ოთხ საყრდენს ეფუძნება.
“პირველი, დასავლეთ ბალკანეთის დაახლოება ევროკავშირის ერთიან ბაზართან. მეორე, გაღრმავდეს რეგიონალური ეკონომიკური ინტეგრაცია. მესამე, ფუნდამენტური რეფორმების დაჩქარება და მეოთხე, გაწევრიანების მომზადების ფონდების გაზრდა”, – თქვა მან.
ფონ დერ ლაიენის თქმით, გარკვეულწილად, ეს არის ახალი მიდგომა ევროკავშირისთვის.
“ჩვენ არა მხოლოდ ვთხოვთ ჩვენს პარტნიორებს, გადადგან ახალი ნაბიჯები ჩვენი მიმართულებით. ჩვენ ასევე ვდგამთ დიდ შემხვედრ ნაბიჯს. ჩვენი საერთო მიზანია – დავაჩქაროთ მათი გზა ევროკავშირისკენ. ამისათვის ჩვენ ვაახლოებთ ჩვენს კავშირს დასავლეთ ბალკანეთთან“, – განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.