თურქული მედია: პუტინი და ზელენსკი თურქეთში ჩავლენ
თურქეთის, მესამე ვადით არჩეული პრეზიდენტის, რეჯეპ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციის შემდეგ, ქვეყანაში რუსეთის და თურქეთის პირველ პირებს ელოდებიან.
ამის შესახებ Hürriyet-ის კორესპონდენტმა, ჰანდე ფირატმა წყაროზე დაყრდნობით CNN Türk-ის ეთერში თქვა.
მისი თქმით, ინაუგურაციას ბევრი უცხოელი ლიდერი დაესწრება, ვლადიმერ პუტინი კი “ცალკე და კერძო ვიზიტს” განახორციელებს, რის შემდეგაც რესპუბლიკას ვოლოდიმირ ზელენსკი ეწვევა.
ფირათის თქმით, “ვიზიტების ფარგლებში ომის მიმდინარეობა და მარცვლეულის დერეფანი განიხილება“.
ჟურნალისტის თქმით, ერდოღანსა და ჯო ბაიდენს შორის ბოლო სატელეფონო საუბრისას თეთრი სახლის ლიდერმა თქვა, რომ არ მიიჩნევს სამართლიანად თურქეთზე დასავლეთის ზეწოლას.
ერდოღანის ინაუგურაციის თარიღი ჯერ ოფიციალურად არ სახელდება.
2 ივნისს თურქეთის პრეზიდენტი ბეშტეფეში უცხოელ ლიდერებთან ვახშამს უმასპინძლებს.