მსოფლიოს 18 „ცხელ წერტილში“, რომელშიც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, შიმშილობის ზრდაა მოსალოდნელი.
ამის შესახებ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და მსოფლიო სურსათის პროგრამის (WFP) მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.
ანგარიშის ავტორების თქმით, სუდანში, ბურკინა ფასოში, ჰაიტსა და მალიში შიმშილის საფრთხე გარდაუვალია. მათ მალე შესაძლოა, შეუერთდნენ – ავღანეთი, ნიგერია, სომალი, სამხრეთ სუდანი და იემენი.
აღნიშნულია, რომ სიტუაციას ართულებს ელ-ნინიოს ეფექტი – ბუნებრივი კლიმატის ფენომენი, რომელიც იწვევს წყნარი ოკეანის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ოკეანეში წყლების დათბობას და აძლიერებს კლიმატურ რისკებს დაუცველ ქვეყნებში.
„თუ ჩვენ გვსურს, მივაღწიოთ გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას, აღარ უნდა მივყვეთ ბიზნესის განვითარების ჩვეულ გზას”, – თქვა FAO-ს გენერალურმა დირექტორმა, კუ დონგიუმ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია სოფლის მეურნეობის სექტორში რეფორმების გატარება, რათა მოხერხდეს ადამიანების შიმშილისგან დაცვა, მათი მხარდაჭერა ცხოვრების აღდგენაში და მსოფლიოში სასურსათო დაუცველობის ძირითადი მიზეზების აღმოფხვრა.
ანგარიშის თანახმად, საკვების მწვავე დეფიციტი უახლოეს თვეებში შესაძლოა, გაუარესდეს 18 „ცხელ წერტილში“.
სუდანში კონფლიქტმა უკვე გამოიწვია მასობრივი გადაადგილება და მწვავე არასრულფასოვანი კვება. მოსალოდნელია, რომ მილიონზე მეტი მოქალაქე დატოვებს ქვეყანას და კიდევ 2,5 მილიონს ქვეყნის შიგნით, უახლოეს თვეებში, მწვავე შიმშილობა დაემუქრება.
ანგარიშის ავტორები ამბობენ, რომ სუდანში კონფლიქტის ესკალაცია მეზობელ ქვეყნებში უარყოფითი შედეგების რისკს ზრდის. კრიზისის გაფართოება გამოიწვევს ლტოლვილთა რაოდენობის ზრდას, ვაჭრობისა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შეფერხებას.
კოვიდ-19-ის პანდემიისა და უკრაინის ომის შედეგებით გამოწვეული უარყოფითი ტენდენციები, ეკონომიკური შოკებისა და სხვა სტრესის გამო, შენარჩუნებულია თითქმის ყველა „ცხელ წერტილში“.
შიმშილის მაღალი რისკის “ცხელ წერტილებში” ნახსენებია – ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ეთიოპია, კენია, პაკისტანი, სირია და მიანმარი.
ასევე, შიმშილის წარმოქმნის პოტენციური საფრთხე არსებობს ლიბანში, მალავიში, სალვადორში, გვატემალაში, ჰონდურასსა და ნიკარაგუაში.