“პუტინის შემდეგი სამიზნე ბელარუსია” – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კრემლის ლიდერის მმართველობის მიზანია საბჭოთა კავშირის აღდგენა, ამიტომ, რუსული აგრესიის შემდეგი პოტენციური სამიზნე, შესაძლოა იყოს ბელარუსი.
ამის შესახებ მან სამხრეთ კორეული გამოცემა Chosun-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
“საბჭოთა კავშირის აღდგენა. ეს არის მისი ცხოვრების მიზანი. ვინაიდან დიპლომატიური გზით ამის მიღწევა შეუძლებელია, მან ყველანაირი მუქარა სცადა და ენერგია იარაღად გადააქცია. საბოლოოდ, ამან არ იმუშავა. მერე გადაწყვიტა, გამხდარიყო ღია აგრესორი“, – განმარტა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ, უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე დიდი ხნის განმავლობაში, პუტინი უკრაინის ხელმძღვანელობასთან სატელეფონო საუბარსაც კი ერიდებოდა.
“ამის მხოლოდ ერთი მიზეზი არსებობს – მას არაფერი ჰქონდა სათქმელი. პუტინმა კარგად იცის, რომ აშკარაა მისი სურვილი, უკრაინა ძალის გამოყენებით აიღოს. რაზე შეიძლება, მელაპარაკოს? პუტინს ომით უკრაინაში შეჭრა და უკრაინელების განადგურება სურს. პუტინის შემდეგი სამიზნე ბელარუსია“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, მაისის ბოლოს მოსკოვმა და მინსკმა ბელარუსის ტერიტორიაზე რუსული ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ამ ნაბიჯს სამხედრო მნიშვნელობა არ გააჩნია, ამიტომ, შეთანხმების სავარაუდო მიზანია კრემლის მიერ ბელარუსის არმიაზე გავლენისა და კონტროლის ინსტრუმენტების მოპოვების მცდელობა.
ამავდროულად, თავად ალექსანდრე ლუკაშენკომ მოუწოდა ყაზახეთს და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, შეუერთდნენ რუსეთისა და ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს, რომ ბირთვული იარაღი თვითონაც მიიღონ.