მოსკოვს თავს რვა დრონი დაესხა, 5 ჩამოგდებულია, 3 კი რადიოელექტრონული საშუალებით ჩახშობილი – რუსეთის თავდაცვის სამინისტრო
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში დაადასტურეს, რომ გვიან ღამით მოსკოვში დრონებით იერიში იყო, რაზეც პასუხისმგებლობას კიევს აკისრებენ.
უწყებაში აცხადებენ, რომ ხუთი დრონი მოსკოვის რეგიონში მდებარე “პანცირის” კომპლექსმა ჩამოაგდო, ხოლო სამი – რადიოელექტრონულმა სისტემამ ჩაახშო და მათ კონტროლი დაკარგეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ნათქვამის დამოუკიდებელი წყაროებიდან დადასტურება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
ამასთან, როგორც “სატრანსპორტო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელი, ალექსეი როგოზინი მიიჩნევს, იმ დრონების წინააღმდეგ, რომლებიც თავს მოსკოვს დაესხნენ, რადიოელექტრონული სისტემები არაეფექტურია.
”მოსკოვზე თავდასხმისთვის გამოყენებულია მანამდე უცნობი თვითმფრინავის ტიპის დრონები ”იხვის” აეროდინამიკური სქემით, ასეთივე იყო გამოყენებული 26 მაისს კრასნოდარზე თავდასხმის დროს. ამ დრონების ფრთების სიგრძე, სულ მცირე, 4 მეტრია და, თეორიულად, ფრენის დიაპაზონი 400-დან 1000 კმ-მდეა, ის მუშაობს შიდა წვის ძრავით. თითოეული მოწყობილობის ღირებულება შეიძლება, შეფასდეს 30-200 ათას დოლარად. ასეთი მოწყობილობებისთვის რადიოელექტრონული ჩამკეტები, ზოგადად, უსარგებლოა, მათ წინააღმდეგ ბრძოლის ერთადერთი ეფექტური გზა ჩამოგდებაა“, – ციტირებს მის სიტყვებს გამოცემა Astra.