აზერბაიჯანმა და სომხეთმა შესაძლოა, სამშვიდობო ხელშეკრულება 1-ელ ივნისს გააფორმონ
აზერბაიჯანმა და სომხეთმა შესაძლოა, სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი მომავალ კვირას მოაწერონ, როდესაც ლიდერები კიშინიოვში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე შეხვდებიან.
Эхо Кавказа-ს ცნობით, ამის შესახებ აზერბაიჯანის ელჩმა Reuters-ს განუცხადა.
„ვიმედოვნებთ, რომ სამშვიდობო ხელშეკრულება საბოლოოდ კიშინიოვში 1-ელ ივნისს გაფორმდება. ეს არის ისტორიული მომენტი, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ“, – განაცხადა ლეილა აბდულაევამ.
აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ოფიციალურ ერევანს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის კიშინიოვის სამიტს რამდენიმე ათეული სახელმწიფოს ლიდერი და ევროპული სტრუქტურების მაღალი თანამდებობის პირები დაესწრებიან.
სამიტის ფარგლებში მოსალოდნელია ხუთმხრივი შეხვედრა სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონისა და გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის მონაწილეობით.
აღსანიშნავია, რომ 25 მაისს, ფაშინიანი და ალიევი მოსკოვში იმყოფებოდნენ. მათ მონაწილეობა მიიღეს ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს გაფართოებულ შეხვედრაში, შემდეგ კი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა გამართეს.