WST: ჩინეთი ევროპას რუსეთისთვის უკრაინის ტერიტორიების დათმობას სთავაზობდა
ჩინეთის დელეგაცია, სპეციალური წარმომადგენლის, ლი ჰუეის ხელმძღვანელობით, ცდილობდა – დაერწმუნებინა ევროპელი ლიდერები, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ნეიტრალიტეტი შეენარჩუნებინათ, შეეწყვიტათ ცეცხლი და რუსეთის მიერ უკრაინის მიტაცებული ტერიტორიების გადაცემას დათანხმებულიყვნენ.
ამის შესახებ The Wall Street Journal-ი ევროკავშირის ქვეყნების ხელმძღვანელობაში წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გარდა ამისა, ლი ჰუეი სთავაზობდა ევროპას, განეხილათ ჩინეთი, როგორც შეერთებული შტატების ძალაუფლების ალტერნატიული ცენტრი.
WSJ-ის თანამოსაუბრეების თქმით, ევროპული სახელმწიფოების ხელმძღვანელები არ აპირებენ ჩინეთის სამშვიდობო ძალისხმევის სრულ უარყოფას, მაგრამ მიაჩნიათ, რომ მშვიდობა შეუძლებელია, სანამ რუსული ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე რჩებიან.
ერთ-ერთი ევროპელი დიპლომატის თქმით, ჩინეთის დელეგაციას უთხრეს, რომ „კონფლიქტის გაყინვა არ შედის საერთაშორისო საზოგადოების ინტერესებში“. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ასევე დაარწმუნეს, რომ ევროკავშირის პოზიცია ამერიკულს ვერ გაემიჯნება, ასევე იმაში, რომ ევროპა არ შეწყვეტს უკრაინის მხარდაჭერას.
“ისინი შესაძლოა, დასავლეთის ერთიანობას შემოწმებას ცდილობენ”, – ამბობს WSJ-ს წყარო.
26 მაისს ლი ჰუეი მოლაპარაკებებისთვის მოსკოვში ჩავიდა, სადაც შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების ჩინეთის გეგმა განეხილა. მანამდე, დიპლომატი იმყოფებოდა უკრაინაში, პოლონეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და ბელგიაში.