გენერალი მილი: უკრაინას შეუძლია ყველა ტერიტორიის გათავისუფლება, მაგრამ არა უახლოეს მომავალში

აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელის, გენერალი მარკ მილის განცხადებით, უკრაინას შეუძლია გაათავისუფლოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორია, მაგრამ ეს უახლოეს მომავალში არ მოხდება.

„ადრე თუ გვიან ყველა ომი მთავრდება. ისინი მთავრდება ამა თუ იმ მხარის გამარჯვებით, ან მოლაპარაკებების გზით მიიღწევა წესრიგი. რუსეთი ამ ომს სამხედრო გზით ვერ მოიგებს“, – აღნიშნა ამერიკელმა გენერალმა.

მისივე განმარტებით, რუსეთმა სამხედრო კამპანიის ფარგლებში სტრატეგიულ მიზნებს ვერ მიაღწია. ამასთან, მარკ მილი დარწმუნებულია, რომ უკრაინას შეუძლია სტრატეგიულ მიზნებს სამხედრო საშუალებებით მიაღწიოს.

„ამავდროულად, უკრაინის სტრატეგიული მიზნებია გაათავისუფლოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები. უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რამდენიმე ასეული ათასი რუსი ჯარისკაცია. ამის მიღწევა შესაძლებელია სამხედრო გზით, მაგრამ ალბათ არა მოკლევადიან პერიოდში.

მაშ, რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ ბრძოლა გაგრძელდება, ეს იქნება სისხლიანი, ეს იქნება რთული. და რაღაც მომენტში ორივე მხარე მივა მოლაპარაკების გზამდე, ან ისინი მივლენ რაღაც მომენტში სამხედრო გადაწყვეტამდე“, – განაცხადა ამერიკელმა გენერალმა.

მანვე დასძინა, რომ სანამ ბრძოლები გრძელდება, უკრაინის მხარდაჭერა კვლავ გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები