სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ გმობს რუსეთის მიერ ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებას

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მკაცრად დაგმო რუსეთის მიერ ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ მიღწეული შეთანხმება. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

„ეს არის უპასუხისმგებლო ქცევის უახლესი მაგალითი, რომელიც ჩვენ ვნახეთ რუსეთის მხრიდან უკრაინაში მისი სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ“, – აღნიშნა მილერმა.

მისი თქმით, კონფლიქტში ქიმიური, ბიოლოგიური ან ბირთვული იარაღის გამოყენებას მძიმე შედეგები მოჰყვება.

„უბრალოდ დავამატებ, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ საფუძველს ჩვენი სტრატეგიული ბირთვული პოზიციის შესაცვლელად ან რაიმე მინიშნებას იმისა, რომ რუსეთი ემზადება ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად“, – დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ რუსეთისა და ბელარუსის თავდაცვის მინისტრებმა ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთის ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

ამ ეტაპზე უცნობია, რამდენი ბირთვული იარაღი განთავსდება ბელარუსში. როგორც ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, გარკვეული ტაქტიკური ბირთვული იარაღის რუსეთიდან ბელარუსში გადატანა უკვე დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები