მამუკა მდინარაძე – მოსკოვში მეუფე ნიკოლოზის ჩასვლაზე: მინიმუმ უცნაურია, ადამიანი, რომელიც ძალიან ხშირად შედის მიხეილ სააკაშვილთან, ახლა აღმოჩნდა რუსეთში
“მინიმუმ უცნაურია, ადამიანი, რომელიც ძალიან ხშირად შედის მიხეილ სააკაშვილთან, ახლა აღმოჩნდა რუსეთში რუსეთის საპატრიარქოს ხელმძღვანელთან ანგელოზის დღის მისალოცად”, – ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი, მამუკა მდინარაძე მეუფე ნიკოლოზის, მოსკოვში ჩასვლას.
მისივე თქმით, უცნაურია, რომ საპატრიარქოს ვიზიტის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.
„რაიმე განსაკუთრებულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. უცნაურია – მხოლოდ ამით შემოვიფარგლები. უცნაურია, რომ ეს ადამიანი აღმოჩნდა საპატრიარქოს თანხმობის გარეშე რუსეთის პატრიარქთან. თუმცა, ეს ჩემი შესაფასებელი შეიძლება არც იყოს. ასეთი უცნაურობები, როგორც მინიმუმ, ხშირად გვაქვს საინფორმაციო ველზე და მერე, დრო რომ გადის რაღაც ახსნები აქვს“, – განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ფოტოები, რომლებზეც ჩანს, რომ მეუფე ნიკოლოზი მოსკოვში იმყოფება, რუსეთის პატრიარქისთვის ანგელოზის დღის მისალოცად. საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ მეუფე ნიკოლოზის ჩასვლა მოსკოვში პატრიარქ კირილესთვის ანგელოზის დღის მისალოცად არის კერძო ვიზიტი და ის არ იყო შეთანხმებული საპატრიარქოსთან. აღნიშნულთან დაკავშირებით კი საპატრიარქოს წარმომადგენლებმა გავრცელებული ფოტოებიდან შეიტყვეს.