გივი მიქანაძე: ევროკავშირის დროშა როგორც იყო, არის და ყოველთვის იფრიალებს პარლამენტის წინ, იმდენად სავალალო მდგომარეობაში არის რადიკალური ოპოზიცია, აღარ იციან – რა გამოიგონონ
26 მაისის აღნიშვნა ყოველწლიურად თემატური მიმართულებებით კეთდება, გვახსოვს, რამდენიმე წლის წინ “ვეფხისტყაოსანთან” დაკავშირებით იყო, შარშან ველოდებოდით კანდიდატის სტატუსს, წელსაც ველოდებით და ამ კუთხით ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ, წინა წლისგან განსხვავებით, პარლამენტის შენობასთან 26 მაისის ღონისძიებისთვის ევროკავშირის დროშა გამოფენილი აღარ არის.
„იმდენად სავალალო მდგომარეობაში არის ოპოზიცია, რომ ეძებს რაღაც ხელჩასაჭიდ ელემენტებს და იმდენად აბსურდულ განცხადებებს აკეთებენ, რომ საზოგადოება, დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფერს სწორად აღიქვამს. ყოველწლიურად კეთდება თემატური მიმართულებებით 26 მაისის აღნიშვნა, გახსოვს რამდენიმე წლის წინ “ვეფხისტყაოსანთან” დაკავშირებით იყო, შარშან ველოდებოდით კანდიდატის სტატუსს, წელსაც ველოდებით და ამ კუთხით ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს, ამას მთელი საზოგადოება ხედავს, არა მარტო რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით, ის საგარეო ვიზიტებიც, რომელსაც როგორც საპარლამენტო დელეგაციები, ისე მთავრობა ახორციელებს ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში.
წელს იმაზე აქცენტის გაკეთება, რომ ევროკავშირის დროშა ამ თემატურ კომპონენტში არ არის წარმოდგენილი, აბსურდული და საფუძველს მოკლებულია. ევროკავშირის დროშა როგორც იყო, არის და ყოველთვის იფრიალებს პარლამენტის წინ. იმდენად სავალალო მდგომარეობაში არის რადიკალური ოპოზიცია, აღარ იციან, რა გამოიგონონ”, – განაცხადა მიქანაძემ.