“ჩავიჯ*** და გამოვედით” – პრიგოჟინთან ამ ინტერვიუსთვის, დოლგოვი სამსახურიდან გაუშვეს
რუსი მედიატექნოლოგი, კონსტანტინე დოლგოვი, ევგენი პრიგოჟინთან ჩაწერილი ინტერვიუს გამო, რომელშიც “ვაგნერის” ხელმძღვანელი უკრაინაში წარუმატებელი “სპეცოპერაციისთვიის” რუსეთის სარდლობას აკრიტიკებს, სამსახურიდან გაუშვეს.
დოლგოვის თქმით, პროპაგანდისტული პროექტის პროდიუსერებმა აღიარეს, რომ მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება “ზემოდან” ზარების შემდეგ მიიღეს.
24 მაისს დოლგოვთან ინტერვიუში პრიგოჟინი ამბობს, რომ რუსულმა არმიამ უკრაინაში დასახულ თავდაპირველ მიზანს, რაზეც კრემლის ლიდერი საუბრობდა – “დემილიტარიზაციას და დენაციფიკაციას”, ვერ მიაღწია.
მისი თქმით, მოხდა პირიქით, უკრაინას დღეს მთელი პლანეტა იცნობს, ხოლო მისი არმია ბრძოლისუნარიანობის ხარისხით და აღჭურვილობით მსოფლიოში ერთ-ერთი ძლიერია.
“თავხედურად მოვედით, ნაცისტების ძებნაში მთელი ტერიტორია ჩექმებით გამოვიარეთ. სანამ ნაცისტებს ვეძებდით, ვინც შეგვეძლო – დავხოცეთ, მერე კიევს მივუახლოვდით, შემდეგ – რუსულ ენაზე როგორც ამბობენ, ჩავიჯვით და დავბრუნდით. შემდგომ – ხერსონამდე ვიარეთ. ჩავიჯვით, გამოვედით. ამის შემდეგ, თუ მანამდე, დროც კი მერევა უკვე – იზიუმი, კრასნი ლიმანი. და რატომღაც არ გამოგვდის”, – ამბობს პრიგოჟინი.
მისი თქმით, “სპეცოპერაცია დენაციფიკაციისა და დემილიტარიზაციის მიზნით დაიწყო. ამრიგად, უკრაინის დენაციფიკაციით, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, უკრაინა გავხადეთ ისეთ ერად, რომელსაც მთელი მსოფლიო იცნობს. უკრაინა იქცა ქვეყნად, რომელსაც აბსოლუტურად ყველგან იცნობენ. ეს რაც შეეხება დენაციფიკაციას. ახლა დემილიტარიზაციაზე ვისაუბრებ”.
”სპეცოპერაციის დასაწყისში პირობითი 500 ტანკი ჰყავდათ, ახლა 5000 აქვთ. თუ მათ ჰყავდათ 20 000 ადამიანი, რომელსაც ბრძოლა შეეძლო, ახლა 400 000 ადამიანმა იცის როგორ იბრძოლოს. როგორ მოვახდინეთ მისი დემილიტარიზაცია? თურმე პირიქითაა, მისი მილიტარიზაცია მოვახდინეთ. მე ვფიქრობ, რომ უკრაინელები დღეს ერთ-ერთი უძლიერესი არმიაა. მათ აქვთ მაღალი ორგანიზებულობა, მომზადების მაღალი დონე, დაზვერვის მაღალი დონე, სხვადასხვა იარაღი აქვთ და მეტიც, ისინი ნებისმიერ სისტემასთან მუშაობენ, საბჭოთა, ნატოს, რომელზეც გინდათ და ერთნაირად წარმატებით”, – ამბობს “ვაგნერის” დამფუძნებელი.