გივი მიქანაძე იტალიის ელჩს შეხვდა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ენრიკო ვალვოს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და იტალიას შორის საგანმანათლებლო და სამეცნიერო სფეროში არსებული ურთიერთობები მიმოიხილეს და მათი განვითარების და ხელშეწყობის მიმართულებებზე ისაუბრეს.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს სასწავლებლებში იტალიური ენის შესწავლის პროგრამებს. აღინიშნა, რომ საქართველოს რიგ სკოლებში იტალიური ენის შესწავლა საელჩოს მხარდაჭერით წარმატებით ხორციელდება. რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებს, ენრიკო ვალვოს თქმით, საელჩო დაინტერესებულია, რომ საქართველოს რეგიონებში არსებულ კიდევ უფრო მეტ უნივერსიტეტს მიეცეს იტალიური ენის საგანმანათლებლო პროგრამებზე წვდომა, რაც სტუდენტებს იტალიური ენის და კულტურის უკეთ გაცნობის შესაძლებლობას მისცემს.

შეხვედრაზე კომიტეტის თავმჯდომარემ იტალიელ დიპლომატს საპარლამენტო დელეგაციის იტალიაში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია გააცნო და ვატიკანის ბიბლიოთეკაში გამართულ შეხვედრაზე ესაუბრა. აღინიშნა, რომ ქართველი მკვლევრებისა და ისტორიკოსებისთვის ვატიკანის ბიბლიოთეკაში შესაბამისი კვოტა გამოიყოფა, სადაც ქართველი მეცნიერები საქართველოს შესახებ ბიბლიოთეკაში დაცულ ხელნაწერებს შეისწავლიან.

ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით, მიმდინარე წელს იტალიის პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრების საქართველოში ვიზიტი და ერთობლივი საკომიტეტო სხდომის გამართვა იგეგმება, რაც შეხვედრის მონაწილეების შეფასებით, სამომავლო ურთიერთობების პრიორიტეტებს გამოკვეთს და ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები