საკრებულოში გენდერული ნიშნით ძალადობისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის საკითხებზე სამხრეთ კავკასიაში კვლევის პრეზენტაცია გაიმართა

საკრებულოში თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და ,,მერსი ქორფს საქართველოს“ WISE პროგრამის ორგანიზებით გენდერული ნიშნით ძალადობისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის საკითხებზე სამხრეთ კავკასიაში ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია და პანელური დისკუსია გაიმართა.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, ასევე მოწვეული სტუმრები საქართველოში მოქმედი დიპლომატიური მისიებიდან, საერთაშორისო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და აკადემიური სექტორიდან. მოწვეულ სტუმრებს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა, მისასალმებელი სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ,,მერსი ქორფს საქართველოს’’ WISE პროგრამის ორგანიზებით ჩატარებული კვლევის მიზანი ძალადობის მსხვერპლი ქალების მხარდაჭერა, გენდერული თანასწორობის პრინციპების დაცვა და ამ მიმართულებით საზოგადოებისა თუ მედიის ინფორმირება და ცნობიერების ამაღლებაა.

„დღეს თბილისის საკრებულოში მნიშვნელოვანი კვლევის პრეზენტაციას ვმასპინძლობთ. გენდერული თანასწორობის საბჭოს ძალიან დიდი როლი აქვს თვითმმართველობის განხორციელების პროცესში. ჩვენ ყოველდღიურად ვცდილობთ დავძლიოთ ის გამოწვევები მუნიციპალიტეტში, რომლებიც გენდერული თანასწორობის მიმართულებით არსებობს. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც საბჭოსთვის, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.
„მერსი ქორფსთან“ ჩვენს თანამშრომლობას არაერთი პროექტი მოჰყვება, რომლებიც უფრო გააღრმავებს პარტნიორობას და ამ თანამშრომლობით ქალების გაძლიერებისთვის კიდევ უფრო მეტს შევძლებთ. დიდი მადლობა ყველას, ვინც მცირედი წვლილი მაინც შეიტანა ამ კვლევის განხორციელებაში“, – განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ,,მერსი ქორფს საქართველოს“ დირექტორი ირაკლი ქასრაშვილი, WISE პროგრამის დირექტორი ნინო ჭელიძე და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ქალთა საკითხების სამდივნოს დირექტორის მოადგილე კრისტინ ბორგონიონი. კვლევის ანგარიშის წარდგენის შემდეგ გენდერული ნიშნით ძალადობის საკითხებზე ორგანიზებული პანელური დისკუსია გაიმართა, რომელსაც მოდერაცია WISE პროგრამის დირექტორმა – ნინო ჭელიძემ გაუწია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები