“ნეიტრალიტეტი გამოსავალი არ არის” – კულება მოუწოდებს აფრიკის ქვეყნებს, უკრაინის წინააღმდეგ აგრესია დაგმონ
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ეთიოპიაში ვიზიტის დროს აფრიკის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით საკუთარი მკაფიო პოზიცია დააფიქსირონ.
ამის შესახებ მან ადის-აბებაში პრესკონფერენციაზე თქვა.
”ვესაუბრებით ჩვენს აფრიკელ მეგობრებს და ვცდილობთ, ავუხსნათ მათ, რომ ნეიტრალიტეტი არ არის გამოსავალი. რუსული აგრესიის მიმართ ნეიტრალიტეტის შენარჩუნებით, თქვენ აპროექტებთ საკუთარ ნეიტრალიტეტს საზღვრის დარღვევასა და მასობრივ დანაშაულებზე, რომლებიც შესაძლოა, თქვენთან ძალიან ახლოს მოხდეს“, – თქვა დიპლომატმა.
მისივე თქმით, ”მე ვიცი, რომ აფრიკაში არის ქვეყნები და ხალხი, რომლებსაც რუსეთი მოსწონთ, რადგან ისინი მას იმ მხარდაჭერასთან აიგივებენ, რომელიც ამ ქვეყნებმა საბჭოთა კავშირის დროს მიიღეს, ასევე, საბჭოთა კავშირის როლისთვის აფრიკის დეკოლონიზაციაში”.
“მაგრამ დღევანდელი რუსეთი სრულიად განსხვავებულია. მე ვფიქრობ, რომ დღეს აფრიკაში რუსეთის ყველაზე დიდი რეალური ინვესტიციაა – “ვაგნერის” დაქირავებულები,” – დასძინა მან.