აშშ-მა უკრაინისთვის NASAMS-ის სისტემის მიყიდვა დაამტკიცა
შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის NASAMS-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის მიყიდვის გარიგება დაამტკიცა, რომლის საერთო ღირებულებაა 285 მილიონი დოლარი.
ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი.
„უკრაინას უკიდურესად სჭირდება რუსული სარაკეტო დარტყმებისგან თავდაცვისუნარიანობის გაზრდა. ამ შესაძლებლობის შეძენა და ეფექტური განლაგება გააძლიერებს უკრაინის უნარს, დაიცვას თავისი ხალხი და უზრუნველყოს კრიტიკული ეროვნული ინფრასტრუქტურა“, – ნათქვამია განცხადებაში.
აშშ-ის სხვა მიწოდებებისგან განსხვავებით, ეს გარიგება არის კომერციული.
CNN-ის ცნობით, ამ სისტემის მიწოდების შემდეგ, უკრაინას უკვე ცხრა NASAMS-ი ექნება.