გივი მიქანაძე ნიქოზიაში კვიპროსი-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველო-კვიპროსის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ კვიპროსის პარლამენტში, ქ. ნიქოზიაში, შეხვედრა გამართა კვიპროსი-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, კვიპროსის პარლამენტის საგარეო და ევროპასთან ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჰარის გეორგიადესთან.
პარლამენტის ინფორმაციით, საგარეო და ევროპის ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარესთან საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციასა და 12 პუნქტიანი გეგმის განხორციელების მიმდინარეობას; ასევე, ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას. ყურადღება გამახვილდა რამდენიმე კვირის წინ პრაღაში გამართულ ორი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეების შეხვედრაზე, რომლის საფუძველზეც დაიგეგმა სპიკერების დონეზე გაცვლითი ვიზიტები.
ჰარის გეორგიადესმა სრული მხარდაჭერა გამოხატა როგორც ქვეყნის ევროინტეგრაციის მხარდაჭერის კუთხით, ასევე ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობასთან დაკავშირებით. მხარეები შეთანხმდნენ უფრო ინტენსიურ კომუნიკაციაზე და მეგობრობის ჯგუფების გაცვლით ვიზიტებზე. შეხვედრას ასევე ესწრებოდა კვიპროსში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული თენგიზ ჭუმბურიძე.