ირაკლი კობახიძე: მნიშვნელოვანია, საერთაშორისო საზოგადოებამ იცოდეს ყველაფერი იმაზე, თუ რას ითხოვენ ჩვენი ქვეყნისგან, მათ შორის უკრაინელი მაღალჩინოსნები
“მე მგონია, რომ მნიშვნელოვანია, საერთაშორისო საზოგადოებამ იცოდეს ყველაფერი იმაზე, თუ რას ითხოვენ ჩვენი ქვეყნისგან, მათ შორის უკრაინელი მაღალჩინოსნები”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ კატარში გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით აღნიშნა.
მისივე თქმით, პრემიერის განცხადება ფაქტის კონსტატაცია იყო.
„ეს იყო ფაქტის კონსტატაცია. შეგახსენებთ, რომელი თანამდებობის პირები ითხოვდნენ ღია ტექსტით საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას. ეს იყო უშიშროების საბჭოს მდივანი – პრეზიდენტის შემდეგ ამაზე მაღალი თანამდებობის პირი არ არსებობს. დანილოვი პირდაპირ ითხოვდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას. ზელენსკის მთავარი მრჩეველი პოდოლიაკი პირდაპირ საუბრობდა მეორე ფრონტის გახსნაზე. ამ ფაქტის კონსტატაცია მოხდა ქვეყნის გარეთ – რაზეც ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით ქვეყნის შიგნით. მე მგონია, რომ მნიშვნელოვანია, საერთაშორისო საზოგადოებამ იცოდეს ყველაფერი იმაზე, თუ რას ითხოვენ ჩვენი ქვეყნისგან, მათ შორის უკრაინელი მაღალჩინოსნები“, – აცხადებს კობახიძე.
ცნობისთვის, პრემიერმა განაცხადა: “უკრაინელი მეგობრები შეიძლება სხვა მოლოდინის მქონენი არიან. მათ საჯაროდ განაცხადეს, რომ უნდათ მეორე ფრონტის ნახვა საქართველოში. ჩვენ საკმარისად გვქონდა ომი… ჩემი ამოცანა, ჩემი ვალდებულება არის ჩემი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა, ჩემი ხალხის დაცვა”.