მაკა ბოჭორიშვილი: ნატო-საქართველოს ურთიერთობები ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში სამხრეთ და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ხავიერ კოლომინას ვიზიტს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ვიზიტი დიდი მნიშვნელობის მატარებელია, განსაკუთრებით – ნატოს სამიტის გამართვის წინ.
„ნატო-საქართველოს ურთიერთობები ჩვენთვის, რა თქმა უნდა, სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ნატოს წარმომადგენლის ვიზიტი საქართველოში დიდი მნიშვნელობის მატარებელია, განსაკუთრებით – ნატოს სამიტის გამართვის წინ. ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, კიდევ ერთხელ განვიხილოთ ნატო-საქართველოს ურთიერთობები, ვიმსჯელოთ მათზე და გვქონდეს შესაძლებლობა, გავუზიაროთ, თუ რა პროცესები მიმდინარეობს საქართველოში და რა მოლოდინები გვაქვს ნატოს სამიტიდან გამომდინარე“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.