ივანე ჩხაიძე: ქვეყანაში წითელაზე აუცრელი 10 000 ბავშვია, ეს დაავადების სერიოზული აფეთქების უზარმაზარი რისკია

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ქვეყანაში წითელაზე აუცრელი 10 000 ბავშვია. მისი თქმით, ეს წითელას სერიოზული აფეთქების უზარმაზარი რისკია.

ამის შესახებ ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

“პანდემიამდე ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა ვიყავით. წითელას ვაქცინაცია ორჯერ ტარდება: 1 და 5 წლის ასაკში. 1 წლის ასაკში წითელას ვაქცინით მოცვის მაჩვენებელი 2019 წელს 100 % გვქონდა, ყველა ბავშვი აცრილი იყო. მეორე ვაქცინა 5 წლის ასაკში 97 %-ს ჰქონდა გაკეთებული. ვითარება 95 %-ის შემდეგ იდეალურია. ჩვენ პირველი ვაქცინის შემთხვევაში 100 %-დან 90 %-ზე ჩამოვედით, ძალიან მძიმე მდგომარეობაა მეორე ვაქცინით მოცვასთან დაკავშირებით – მეორე ვაქცინაციის მოცვის მაჩვენებელი 78 %-ია. რიცხობრივად, ეს ქვეყანაში 10 000 აუცრელი ბავშვია. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ამ ბავშვების მშობლებმა სწრაფად არ გაიაზრეს ის, თუ რა რისკი შეიძლება, მოჰყვეს ამას, 10 000 არავაქცინირებული ბავშვი დაგვიბრუნდება მძიმე გართულებად, ენცეფალიტად, ფილტვების ანთებად, სერიოზული შემთხვევების რისკი ძალიან მაღალია. წითელას ახასიათებს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გართულება – თავის ტვინის ანთება, რომლის საწინააღმდეგო საშუალება არ არსებობს. 10 000 აუცრელი ბავშვი ქვეყანაში წითელას სერიოზული აფეთქების უზარმაზარი რისკია, ასევე, რისკია მძიმე შემთხვევების განვითარების, ჰოსპიტალიზაციის, გარდაცვალების მატების. მინდა,ეს ყველა მშობელმა გაიაზროს.
ვაქცინაციის დაბალი მოცვა მოჰყვა ანტივაქსერულ კამპანიას, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიმართ იყო. ამ ტალღას წითელას ვაქცინაციაზე უარის თქმა მოჰყვა. დიდი როლი ითამაშა მოლოდინმაც – პანდემია დამთავრდეს და შემდეგ გავაკეთებთ ვაქცინასო”, – განაცხადა ჩხაიძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები