ივანე ჩხაიძე: ქვეყანაში ჩუტყვავილას აფეთქებაა, შემთხვევების მკვეთრი მატებაა, 2-3 ჯერ მეტი, ვიდრე – სხვა წლებში აღინიშნებოდა

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ქვეყანაში ჩუტყვავილას აფეთქებაა. მისი თქმით, იანვრიდან აპრილის ჩათვლით დაავადების 3 118 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ
“კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

“ჩუტყვავილა მძიმე დაავადებების კატეგორიას არ მიეკუთვნება. გართულებები ძალიან იშვიათია და კიდევ უფრო მეტად იშვიათია გარდაცვალების შემთხვევები. ჩუტყვავილას აქვს ერთი თვისება – ციკლურობა, ყოველ 2-5 წელიწადში ერთხელ ყველა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში შემთხვევების რაოდენობა მატულობს. ის რიცხვები, რომლებიც მინდა, გითხრათ, სწორედ ამ თავისებურებაზე მიუთითებს. ჩუტყვავილას შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბოლო ათწლეულის განმავლობაში 2018 წელს გვქონდა, 10 196 შემთხვევა დაფიქსირდა, მაშინ, როდესაც სტანდარტულად 3-4 ათასი შემთხვევა ფიქსირდებოდა. 2018 წელს იყო სერიოზული მატება. 2022 წელს იყო 2 600 შემთხვევა. წელს, 2018 წლიდან ზუსტად 5 წლის შემდეგ ასევე აფეთქება გვაქვს, იანვრიდან დაწყებული 4 თვეში, აპრილის ჩათვლით ქვეყანაში 3 118 დადასტურებული შემთხვევა გვქონდა. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, 2023 წელიც ამ მხრივ ასევე გამორჩეული იქნება და, ალბათ, წლის განმავლობაში 10 000 0-მდე შემთხვევა გვექნება. 2018 წლის შემდეგ წელს ის პერიოდია, როდესაც შემთხვევების მკვეთრი მატებაა, 2-3 ჯერ მეტი ვიდრე სხვა წლებში აღინიშნებოდა”, – განაცხადა ჩხაიძემ.

ჩხაიძემ დაავადების შესაძლო გართულების შესახებაც ისაუბრა.

“ჩუტყვავილას გართულებებიდან ყველაზე მთავარი მეორადი ბაქტერიული ინფექციაა, ანუ გამონაყარი შეიძლება, დაინფიცირდეს და განვითარდეს ბაქტერიული სუპერინფექცია, რამაც შეიძლება, მძიმე მდგომარეობა გამოიწვიოს. ეს შეიძლება, იყოს ფილტვების ანთება, სისტემური ანთებითი პასუხი და ა.შ. მაგრამ გავიმეორებ, ეს ძალიან იშვიათია.
რაც შეეხება საკითხს, თუ რატომ არ ტარდება ქვეყანაში ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინაცია. დღეისათვის ჯანმო არ იძლევა რეკომენდაციას, რომ უნივერსალურად ყველა ქვეყანამ ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაატაროს. ჯანმოს 2 არგუმენტი აქვს: ერთი დაავადების მიმდინარეობის სიმძიმე, რაც არ არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პირველი პრობლემა და მეორე – აუცილებელია და ყველაზე მთავარია მოსახლეობის 80 % -ის და მეტის მოცვა. თუ გვინდა, ქვეყანაში შედეგი მივიღოთ, 80 %-ზე მეტი უნდა იყოს აცრილი. თუ ამას ვერ მივაღწიეთ, შემდეგ ეს ჩუტყვავილას შემთხვევების მატებას მოზრდილებში მოგვცემს, სადაც დაავადება გაცილებით მძიმედ მიმდინარეობს, გართულებების რისკი გაცილებით მაღალია, გარდაცვალების მაჩვენებლებიც ძალიან დიდია. ჩუტყვავილას ვაქცინაცია მხოლოდ კერძო ვაქცინაციის კაბინეტებში ტარდება, რომელთაც ვაქცინები ინდივიდუალურად შემოაქვთ”, – განაცხადა ჩხაიძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები