გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „სახელმწიფო ქონების შესახებ” კანონში ცვლილებების თაობაზე კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტის ინფორმაციით, გარდა კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიებისა, უკანონოდ მოპოვებული მერქნიანი მცენარეები გადაეცემა სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ხოლო აჭარაში – სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს და ასევე, მუნიციპალიტეტს, როგორც ტყის მართვის ორგანოს.
მისი თქმით, ახალი წესის მიღების შედეგად, ტყის მართვის ორგანოებს გაუჩნდებათ მერქნული რესურსების მიღების დამატებითი წყარო, რის ხარჯზეც შეძლებენ დააკმაყოფილონ მერქნულ რესურსებზე მოსახლეობის სოციალური მოთხოვნილებების გარკვეული ნაწილი და შესაბამისად, შეამცირონ ხე-ტყის ჭრის მასშტაბები. სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ჯავახეთის დაცული ტერიტორიის შექმნისა და მართვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ნინო თანდილაშვილის თქმით, კანონპროექტის მიღების შედეგად, ფარავნის ტბის აღკვეთილის, აბულის ტბის აღკვეთილის და საღამოს ტბის აღკვეთილის საზღვრების დემარკაციის მიზნით ჩატარებული სამუშაოების შედეგები აისახება კანონში. შესაბამისად, დაცული ტერიტორიების საზღვრებიდან გამოტანილი იქნება დაცული ტერიტორიებისთვის არატიპიური ინფრასტრუქტურა ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ტერიტორიები. ასევე, სახეცვლილი ტერიტორიები, რომლებსაც არ გააჩნიათ კონსერვაციული ღირებულება ან არ შეესაბამებიან „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებს (საკარმიდამო ნაკვეთები, ხეხილის ბაღები და სხვ). შესაბამისად, ფარავნის ტბის აღკვეთილის ფართობი 4031 ჰა-დან შემცირდა 35-ჰა-თი და შეადგინა 3996 ჰა; აბულის ტბის აღკვეთილის ფართობი 211 ჰა-დან გაიზარდა 29-ჰა-თი და შეადგინა 240 ჰა; საღამოს ტბის აღკვეთილის ფართობი 629 ჰა-დან გაიზარდა 5-ჰა-თი და შეადგინა 634 ჰა. შესაბამისად, ხორციელდება ფარავნის ტბის აღკვეთილის, აბულის ტბის აღკვეთილის და საღამოს ტბის აღკვეთილის კოორდინატების ასახვა კანონში. კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტზე „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”. პროექტის მიღების შედეგად კანონში აისახება ცივ-გომბორის აღკვეთილის საზღვრების დემარკაციის შედეგები. შესაბამისად, დაცული ტერიტორიების საზღვრებიდან გამოტანილი იქნება დაცული ტერიტორიებისთვის არატიპიური ინფრასტრუქტურა ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ტერიტორიები, ასევე, სახეცვლილი ტერიტორიები, რომლებსაც არ გააჩნიათ კონსერვაციული ღირებულება ან არ შეესაბამებიან „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” კანონის მოთხოვნებს.
ჩატარებული სადემარკაციო სამუშაოების შედეგად საზღვარმა გაიარა მყარ გეოგრაფიულ ორიენტირებზე (ხევი, ქედი და სხვა), ცივ-გომბორის აღკვეთილის ფართობი 73,2 ჰა-ით გაიზარდა და შეადგინა 5009 ჰა. პროექტის შესაბამისად, ცივ-გომბორის აღკვეთილის კოორდინატები კანონში აისახება.