მამუკა მდინარაძე: ყველამ დაიმახსოვროს, რომ საქართველო თავის ტერიტორიებზე არაფრის ფასად არ იტყვის უარს 

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ბიზნესმენ ფადი ასლის განცხადებას გამოეხმაურა.

“ეს არის გლობალური გეგმის ყველაზე ბინძური ნაწილი, რომელსაც ტესტავს ბატონი ფადი ასლი. ხედავთ ერთის მხრივ რა პროცესები მიდის, რა დეტალებთან დაკავშირებით უნდათ დიდი ნეგატიური ნარატივის აგება და მეორეს მხრივ, შემთხვევით აღმოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ტესტავენ იმას, თუ როგორ შეიძლება საქართველოს მომავალ პერსპექტივებზე ილაპარაკოს ვინმემ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე. ყველამ დაიმახსოვროს, ეს ნარატივი არასდროს არ გავა. ეს საქართველოსთვის მავნებლური და მოღალატეობრივი ნარატივი არ გავა არასდროს. რაც არ უნდა ერთ მხარეს იყოს კეთილშობილური მიზანი, ყველამ დაიმახსოვროს, რომ საქართველო თავის ტერიტორიებზე არაფრის ფასად არ იტყვის უარს და ეს არის მთავარი, რაც ნებისმიერმა ქართველმა, საქართველოს ნებისმიერმა მოქალაქემ და არა მხოლოდ, უნდა დაიმახსოვროს. მათი მხრიდან, “ნაცმოძრაობის” კლასტერის მხრიდან, ნუ ხდება გატესტავ იმ ნარატივის, რომ საქართველოს სამომავლო პერსპექტივა შეიძლება იყოს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე. ისინი აუცილებლად დაუბრუნდებიან საქართველოს და სამომავლო პერსპექტივები, მხოლოდ და მხოლოდ ამ ჭრილში განიხილება”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ფადი ასლიმ სოციალურ ქსელში დაწერა: “თეორიულად დავუშვათ, რომ რუსეთი ივანიშვილს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას დაჰპირდა, კითხვა რომელიც თითოეულმა ქართველმა პატიოსნად უნდა დაუსვას საკუთარ თავს: მინდა გავერთიანდე ორ სეპარატისტულ რეგიონთან და ვიცხოვრო მათთან, როგორც რუსეთის მონამ,თუ მინდა ვიცხოვრო დამოუკიდებლად და თავისუფლად, როგორც ევროკავშირის წევრმა ამ ორი რეგიონის გარეშე?”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები