ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდს უნიკალური ექსპონატები შეემატა

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე დუშეთში ბელა წვერაძის ოჯახს ესტუმრა, სადაც უნიკალური საარქივო მასალები აღმოჩნდა.
როგორც ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მათ შორისაა 1936 წელს გამოცემული ტიციან ტაბიძის ლექსების კრებული, რომელიც ავტორმა ვაჟა-ფშაველას შვილს, ვახტანგ რაზიკაშვილს აჩუქა, ასევე – უნიკალური ფოტოკოლექცია, რომელიც მალე ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული ფოტომატიანის ნაწილი გახდება.
„ჩემმა მეგობარმა, თამარ ბაგრატიამ დუშეთში საოცარი ქალის, ბელა წვერაძის ოჯახში მიმიყვანა. და აი, სრულიად უნიკალური წიგნი, 1936 წელს გამოცემული ტიციან ტაბიძის ლექსების კრებული, რომელიც ავტორმა ვახტანგ რაზიკაშვილს, ვაჟა-ფშაველას შვილს აჩუქა ასეთი წარწერით: ,,ძვირფას ვახტანგ რაზიკაშვილს, რომელსაც ვაჟა-ფშაველას შემდეგ არცერთი პოეტი არ მოეწონება ჩვენს დროში”. ფანტასტიკური ექსპონატია ჩვენი წიგნის მუზეუმი / The Museum of Books-სთვის.
ასევე უძველესი ფოტოები ციფრული ფოტომატიანე-სთვის. სრულიად უნიკალური – მათ შორის ვაჟას ქვისლის – იაგორა წვერაძის“, – აცხადებს გიორგი კეკელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები