“რუსეთის მხრიდან გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ სანქციები მოიხსნას, ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ” – კახა კალაძე
„სანქციები ცალმხრივად იყო გაცემული – ვიცით, რომ მათი მხრიდან გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ აღნიშნული სანქციები მოიხსნას, ასე რომ, ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამოვდივართ, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება და რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყანაში მშვიდობა და სიმშვიდე შევინარჩუნოთ, რომ ეკონომიკური განვითარება, წინსვლა, აღმშენებლობა მოხდეს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე დიდი დაკვეთა, რაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას აქვს. დღეს, რა თქმა უნდა, ჩვენ გამოწვევების წინაშე ვართ.
ნებისმიერი მოქალაქე რომ გაჩეროთ და ჰკითხოთ, რა არის მისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა, ეს არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება აღნიშნული პოლიტიკით ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია მოხდეს. ეს როგორ უნდა გავაკეთოთ – ეს უნდა გავაკეთოთ გონებით, მშვიდობით და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებით. ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობის მთავარი ინტერესი გახლავთ ქვეყნის დეოკუპაცია. ეს არის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კალაძემ.