დათუნა სირბილაძე: საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციაში წლების განმავლობაში ვიღებდი ძალიან მცირე, შეიძლება ითქვას, სიმბოლურ ანაზღაურებას

ამ ასოციაციაში ვიღებდი ძალიან მინიმალურ ანაზღაურებას, რასაც ვიღებდი, მხოლოდ სიმბოლური იყო, – ამის შესახებ მომღერალმა დათუნა სირბილაძემ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციაში (GCA) ჩატარებული აუდიტის დასკვნის შესახებ „აიპრესს“ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ყოველთვის უკმაყოფილო იყო საავტორო უფლებათა ასოციაციის საქმიანობით და იმ ჰონორარით, რასაც შემსრულებლები წლების განმავლობაში იღებდნენ.

„მე პირადად, ამ ასოციაციაში ვიღებდი ძალიან მინიმალურ ანაზღაურებას, იმასთან შედარებით რა თანხებზეც არის საუბარი. ანუ ჩემი გადმოსახედიდან რასაც ვიღებდი, მხოლოდ სიმბოლური იყო.

ჩვენ, შემსრულებლები მეტ-ნაკლებად რაღაცას ვახერხებთ, კონცერტებს ვმართავთ, რისი შესაძლებლობაც კომპოზიტორებს არ აქვთ, რაც გულდასაწყვეტია.

ქართველი ავტორების და კომპოზიტორების სიმღერები ყოველ დღე რამდენიმეჯერ ჟღერს სხვადასხვა სივრცეში და ხომ შესაძლებელი ყოფილა, მათ მაინც ჰქონდეთ ნორმალური ანაზღაურება“, – განაცხადა დათუნა სირბილაძემ.

თავის მხრივ, ბრალდებებს უარყოფს საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციის თავმჯდომარე გიგა კობალაძე და აცხადებს, რომ მათთან უბრალოდ ვერ იქნება კორუფცია, ამის რეალური შესაძლებლობაც კი არ არსებობს.

„დასკვნაში საუბარია აღრიცხვის მეთოდის დარღვევაზე, მაგრამ ეს არის წვრილმანი დარღვევა, რომელიც მომდინარეობს ჯერ კიდევ 2005 წლიდან, ამაზე სახელმწიფოს ვალდებულება იყო გაეკეთებინა რეაგირება, თუმცა დღემდე არ არის“, – აღნიშნა კობალაძემ.

შეგახსენებთ, რომ 17 მაისს, პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომაზე, „საქპატენტის“ თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციაში (GCA) ჩატარებული აუდიტის დასკვნა წარმოადგინა, რომელშიც საუბარია ასოციაციაში თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები