გია ნიკოლაძე გიგა კობალაძეზე: 300 ლარსაც არ მიხდიდა, ზოგჯერ 150 ლარს და თვითონ ჰქონია თვეში 20 ათასი

საავტორო უფლებების დაცვა და საავტორო უფლებათა ასოციაცია GCA ბოლო დროს დიდი დაპირისპირების საგნად იქცა.

17 მაისს, პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომაზე, „საქპატენტის“ თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციაში (GCA) ჩატარებული აუდიტის დასკვნა წარმოადგინა, რომელშიც საუბარია ასოციაციაში თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე.

აუდიტის სკანდალური დასკვნის გასაჯაროების შემდეგ „აიპრესი“ ქართველ მუსიკოსებს, შემსრულებლებს, მწერლებს და ავტორებს დაუკავშირდა და განვითარებული მოვლენების შეფასება სთხოვა.

მომღერალი გია ნიკოლაძე აცხადებს, რომ GCA-ის მიერ მისთვის გადახდილი ჰონორარი ყველა კრიტერიუმით იყო დაცინვა.

„მე წამოვედი GCA-იდან იმიტომ, რომ ხელოვანებს ძალიან ცუდად ექცეოდნენ. წარმოიდგინეთ, თვეში 300 ლარსაც არ მიხდიდნენ, ზოგჯერ 150 ლარს, თვითონ ჰქონია თვეში 20 ათასი… სიმღერა რამდენიმე კრიტერიუმით ფასდება და ყველა კრიტერიუმში დაცინვა იყო მაგათი მხრიდან ამ თანხის გადახდა“, – განაცხადა ნიკოლაძემ.

თავის მხრივ, ბრალდებებს უარყოფს საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციის თავმჯდომარე გიგა კობალაძე და აცხადებს, რომ მათთან უბრალოდ ვერ იქნება კორუფცია, ამის რეალური შესაძლებლობაც კი არ არსებობს.

„დასკვნაში საუბარია აღრიცხვის მეთოდის დარღვევაზე, მაგრამ ეს არის წვრილმანი დარღვევა, რომელიც მომდინარეობს ჯერ კიდევ 2005 წლიდან, ამაზე სახელმწიფოს ვალდებულება იყო გაეკეთებინა რეაგირება, თუმცა დღემდე არ არის“, – აღნიშნა კობალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები